ირაკლი ღარიბაშვილი: მსოფლიოს 42 ქვეყანაში ქართული ღვინის ექსპორტი 250 %-ით გაიზარდა

   2 წლის განმავლობაში მსოფლიოს 42 ქვეყანაში ქართული ღვინის ექსპორტი 250 %-ით გაიზარდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში, კომპანია “ტრადიციული კახური მეღვინეობის” ახალი საწარმოს გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ამ ყველაფერმა მეტი სტიმული მისცა გლეხებს, ფერმერებს და რეგიონებში დაიწყო ახალი ვენახების ინტენსიური გაშენება.
“ეს არის ღვინის და ბრენდის მწარმოებელი ერთ-ერთი ყველა მსხვილი კომპანია საქართველოში, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გააქვს თავისი პროდუქცია და ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს სხვადასხვა ბაზარზე. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთი კომპანია სწორედ აქ, მაღალმთიან აჭარაში, ქედაში ხსნის თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ახალ ღვინის ქარხანას. კომპანიის მფლობელი ზურა ჩხაიძე სახელმწიფოსთან თანამშრომლობით მესამე პროექტს ახორციელებს, რისთვისაც მას მადლობა მინდა გადავუხადო. ჩვენ შეღავათიანი აგროკრედიტი გამოვუყავით “კახური ტრადიციული მეღვინეობის” კომპანიას. მან სახელმწიფოსგან 1 მილიონი იაფი სესხი მიიღო. მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში მევენახეების რთველიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 300 მილიონ ლარზე მეტი. ეს არის უდიდესი მიღწევა და წარმატება ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი მეღვინეობის, ჩვენი მწარმოებლების. აქვე მინდა მოგახსენოთ, 2 წლის განმავლობაში მსოფლიოს 42 ქვეყანაში ღვინის ექსპორტი 250 %-ით გაიზარდა. შენდება ვაზის უნიკალური ჯიშები. მაგალითად, გურია-აჭარაში უკვე გაჩნდა ჩხავერი, ცოლიკაური, ალადასტური და საფერავი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, კომპანია “ტრადიციული კახური მეღვინეობა” კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. კერძოდ, მას აჭარაში გამოჰყავს ნერგები და მოსახლეობას უფასოდ ურიგებს.
“12 ათასი ცალი ნერგი დარიგდა ბოლო 1 წლის განმავლობაში”, – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები