ირაკლი ღარიბაშვილი ქედასა და ფოთში ახალ საწარმოებს გახსნის

  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქედასა და ფოთში ახალ საწარმოებს გახსნის. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი 11:00 საათზე, ქედაში, “კახური ტრადიციული მეღვინეობის” ღვინის ქარხანას ესტუმრება, რომლის მშენებლობისთვის სოფლის მეურნეობის მართვის სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტით 600 000 აშშ დოლარი გამოიყო, განხორციელებული ინვესტიცია კი მილიონ ლარს შეადგენს.
უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიით, ცისტერნებითა და სამაცივრე მეურნეობებით აღჭურვილი ქარხანა გურია-აჭარის უნიკალური ყურძნის ჯიშების მიღება-გადამუშავებას განახორციელებს და მუდმივად დასაქმებული იქნება 20 ადგილობრივი.
სრული დატვირთვის პირობებში ღვინის საწარმო 1000 ტონამდე ყურძნის გადამუშავებას შეძლებს. მშენებლობა 2014 წლის აპრილში დაიწყო.
ასევე პრემიერ-მინისტრი ხილის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის დაწყების ცერემონიას დაესწრება. საწარმო, რომლის მშენებლობისთვის შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში 500 000 აშშ დოლარი გამოიყო, 701,44 კვ.მ ფართობზე განთავსდება და 22 ადამიანს დაასაქმებს.
საწარმო გადაამუშავებს ადგილობრივ ნედლეულს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობისგან ჩაიბარებს. ქარხნის ამოქმედების პირველ წელს დაგეგმილია 230 ტონა ნედელულის გადამუშავება, ხოლო მომდევნო წლებში მაჩვენებელი 1000 ტონამდე გაიზრდება. პრემიერი დღეს ასევე ფოთსაც ესტუმრება, სადაც 15:00 საათზე, “შაჰ-დენიზი-2”-ის გაზსადენის მილების სატრანსპორტო ტერმინალის პრეზენტაციას დაესწრება.
“პეის ჯგუფის” მიერ შექმნილი საპორტო ტერმინალის მიზანია, “შაჰ-დენიზი-2” პროექტისთვის განკუთვნილი გემების მიღება, დაცლა, განთავსება, შემდგომში მილებისა და სხვა ტვირთის დანიშნულების ადგილზე გასაგზავნად. “პეის ჯგუფი” ახალი პორტის მშენებლობის პროექტს ფოთის ყოფილი გემთსაშენი ქარხნის ტერიტორიაზე ახორციელებს. პროექტის ფარგლებში დასრულდა 4 ჰექტარი ფართობის სასაწყობო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, შეიქმნა 100 სამუშაო ადგილი და შესაძლებელი გახდა “შაჰ-დენიზი-2”-ის გაზსადენისთვის საჭირო მილებისა და დანადგარების ტრანსპორტირება კავკასიის რეგიონში.
ორი წლის განმავლობაში აღნიშნულ ტერმინალზე დაგეგმილია 300 000 ტონა მილის მიღება შემდგომში მათი ტრანსპორტირების მიზნით.
ამის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი ფოთში შპს “აგრიკომის” “ფოთის მარცვლეულის ტერმინალს” გახსნის, რომლისთვისაც სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის ფარგლებში 600 000 აშშ დოლარი გამოიყო. პროექტის მთლიანი ღირებულება 2 მლნ აშშ დოლარამდეა. ტერმინალს, რომლის ჯამური მოცულობა 16 000 ტონას შეადგენს, საშუალება ექნება,
მიიღოს/დაასაწყობოს/გააშროს/გასცეს სხვადასხვა სახის მარცვლეული, ძირითადად – ხორბალი და სიმინდი. ტერმინალს აქვს სარკინიგზო ჩიხი და სრული წვდომა ფოთის პორტის მე-15 ნავმისადგომთან, რაც აძლევს მას საშუალებას მიიღოს/დატვირთოს ნავმისადგომზე შემოსული გემები მშენებლობაზე დასაქმებული იყო 60 ადამიანი, ხოლო ტერმინალში მუდმივად დასაქმებულთა რაოდენობა – 35-40 იქნება. 16:10 საათზე კი ირაკლი ღარიბაშვილი ასევე ესტუმრება რეინვესტირებულ კომპანია “გეოფიშ ფექტორის”, რომელიც თევზის გადამამუშავებელ ქარხანას წარმოადგენს. გაფართოება-გადაიარაღების შემდეგ, რაშიც 2 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, ქარხნის წარმოებადობა დღე-ღამეში 350-დან 1200 ტონამდე გაიზარდა. ქარხანაში იწარმოება თევზის ზეთი და თევზის ფქვილი, რომელიც ნედლი ქაფშიის გადამუშავების შედეგად მიიღება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები