ჯო ბაიდენი: რუსეთის აგრესია დონბასში მიუღებელია

რუსეთის აგრესია დონბასში მიუღებელია, – ამის შესახებ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიევში უკრაინის პრეზიდენტთან პეტრე პოროშენკოსთან და პრემიერ-მინისტრთან არსენი იაცენიუკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ეს უბრალოდ მიუღებელია, როდესაც 21-ე საუკუნეში ქვეყნები ძალის გამოყენებით ევროპაში თუ ნებისმიერ სხვა ადგილას საზღვრების გადაკეთებას, ან სამხედრო ჩარევას ცდილობენ იმ საფუძველზე, რომ მათ არ მოსწონთ მეზობლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება. სინამდვილეში რუსეთის საქციელი საერთაშორისო სისტემის ყველაზე ძირითადი პრინციპების მკვეთრ დარღვევას წარმოადგენს“, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მხარეებს მინსკის შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდა.
„საუბარია მთელი რიგი ვალდებულებების შესრულებაზე, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტაზე, რომელიც არ სრულდება. თქვენ უნდა გაიყვანოთ შეიარაღებული ფორმირებები, იარაღი და სამხედროები“, – მიმართა ბაიდენმა რუსეთს. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ მოსკოვი დონბასში სიტუაციის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში დიდ საფასურს გადაიხდის. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმებების ფორმატი მხარეებს დონბასში კონფლიქტის მოგვარების ყველაზე ოპტიმალურ საშუალებად მიაჩნიათ. „ჩვენ სრულ თანხმობას მივაღწიეთ, რომ სამშვიდობო პროცესის უზრუნველსაყოფად მინსკის მოლაპარაკებების სამმხრივი ფორმატი ყველაზე მისაღებია“, – აღნიშნა პოროშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები