ნინო კობახიძე: პრემიისა თუ სახელფასო დანამატის გაცემა კანონის ფარგლებში მოხდა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დარწმუნებულია, რომ პრემიისა თუ სახელფასო დანამატის გაცემა კანონის ფარგლებში მოხდა, – ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.
მისივე თქმით, პრემიებთან და სახელფასო დანამატებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია მას ამ ეტაპზე არ გადაუმოწმებია.
„ეს ინფორმაცია ამ ეტაპზე არ მაქვს გადამოწმებული, თუ ვინ რამდენი მიიღო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მათი გაცემა იმ ახალი განკარგულების საფუძველზე ყველა წესისა და ნორმის დაცვით მოხდა, რომელიც ჩვენ ერთობლივად შევიმუშავეთ და რომელიც მიზნად ისახავს, მხოლოდ ერთმაგი ოდენობის სახელფასო ანაზღაურების აღებას კვარტალში ერთხელ“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ის დარწმუნებულია, რომ აღნიშნული დოკუმენტის ნორმები გადაცილებული და დარღვეული არ არის.
ამასთან, ნინო კობახიძემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი გაცემა მოხდებოდა ყველა იმ კანონის ფარგლებში, რომელიც დარეგულირებული იყო ძველი და ახალი განკარგულებებითაც.
„დარწმუნებული ვარ, რომ გადაცდომა არ იქნება, რადგან სახელმწიფო ხაზინას ჰქონდა პასუხისმგებლობა, ამ თანხის გაცემა ეკონტროლებინა“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, დღეს 2014 წლის იანვარ-აგვისტოში ზოგიერთი მინისტრისა და მისი მოადგილეების მიერ აღებული სახელფასო დანამატებისა და პრემიის სია წარმოადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები