თბილისის სკოლებში “ბუფეტები” არაჰიგიენურობის გამო დაიხურა
„სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტის ინსპექციის შედეგად დედაქალაქის 4 საჯარო სკოლაში „ბუფეტი“ დაიხურა“,- აღნიშნული განცხადება საინფორმაციო -ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი მიქაძემ განაცხადა.
ინსპექტირებისას 656 საჯარო სკოლის „ბუფეტი“ და 632 საბავშვო ბაღის სამზარეულო შემოწმდა. შედეგად 4 დაიხურა, 22 ბუფეტი კი დაჯარიმდა. სააგენტომ სასაკლაოების ინსპექტირებაც განახორციელა, რომლის შედეგადაც 6 სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუწყდა.
„სკოლებიდან, რომლებშიც ბუფეტები დაიხურა, 2 ნაძალადევის რაიონშია, ესენია 112 და 113 საჯარო სკოლები და ორია გლდანში, ესენია 171 და 156 საჯარო სკოლები. დაჯარიმებულია 22 სკოლის ბუფეტი. დარღვევები შეეხებოდა ტექნოლოგიურ პროცესს, ტემპერატურის დარღვევას, პერსონალის პირად ჰიგიენას და სარემონტო სამუშაოებს, რომელიც ამ ბუფეტებში არ ტარდებოდა. რეგიონებში სკოლებსა და ბაღებში არის სასმელი წყლის პრობლემაც, მათ არ მიეწოდებათ იმ ხარისხის წყალი, რომელიც ვარგისი იქნებოდა ხელის დასაბანად, ჭურჭლის გასარეცხად და ასე შემდეგ. დღეს უკვე შემოწმებულია 656 საჯარო სკოლის „ბუფეტი“ და 632 საბავშვო ბაღის სამზარეულო. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია სასაკლაოები და 273 ინსპექტირება განხორციელდა ამ კუთხით. მათ შორის 6 სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუწყდა,“- განაცხადა გიორგი მიქაძემ.