“ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებას, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ დიდი დრო დასჭირდება”

საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის კენეტ იალოვიცი მიიჩნევს, რომ “ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებას, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ დიდი დრო დასჭირდება”.
აღნიშნული განცხადება მან “ამერიკის ხმის” ქართულ ბიუროსთან ინტერვიუში გააკეთა.
“ვფიქრობ, საქართველოს დასავლეთისგანაც სჭირდება ნიშნის მიცემა, რომ ის სწორი მიმართულებით ვითარდება და მას მომავალში ბევრი კარგი რამ ელის. ნატოში გაწევრიანებას, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ დიდი დრო დასჭირდება. საქართველოს კარგად უნდა განუმარტონ გზამკვლევის საშუალებით, თუ რა უნდა გააკეთოს და დროის რა მონაკვეთში. ეს დასავლური კურსის განმტკიცებას შეუწყობდა ხელს”, – განაცხადა კენეტ იალოვიცმა.
მისი თქმით, უელსის სამიტზე გადაწყვეტილება უმთავრესად ისევ ალიანსის წევრი ქვეყნების მხარდასაჭერად იქნა მიღებული და არა -უკრაინის; ხოლო კითხვაზე, შეიცვლება თუ არა ამერიკის პოლიტიკა უკრაინის, ან საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების სენატში “რესპუბლიკელთა” გამარჯვების შემდეგ, იალოვიცი პასუხობს, რომ საგარეო პოლიტიკის 180-გრადუსიან შემოტრიალებას არ ელოდება. “აშკარაა, რომ კონგრესი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, თუმცა, ჩვენს სისტემაში საგარეო პოლიტიკის მთავარ მიმართულებას თეთრი სახლი განსაზღვრავს და შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს. “რესპუბლიკელების” მიერ კონტროლირებული სენატისგან მეტი ზეწოლა იქნება უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდებაზე და სავარაუდოდ, ეკონომიკური დახმარების გაზრდაზეც. თუმცა, არ ველოდები საგარეო პოლიტიკის 180-გრადუსიან შემოტრიალებას. ძალიან მეეჭვება, რომ ამერიკა უკრაინას ჯარებით დაეხმაროს, უკრაინა ხომ ნატო-ს წევრი ქვეყანა არ არის. უელსის სამიტზე გადაწყვეტილება უმთავრესად ალიანსის წევრი ქვეყნების მხარდასაჭერად და მათი სამხედრო ძალების გასაძლიერებლად იქნა მიღებული, მათ შორის ბალტიისპირეთის, პოლონეთის და სხვების. ეს რაც შეეხება ნატო-ს. შეერთებულ შტატებში კი განიხილება საკითხი, დავეხმაროთ თუ არა უკრაინას თავდაცვითი შეიარაღების მიწოდებით. ჯერჯერობით ადმინისტრაცია ამისგან თავს იკავებს, რადგან რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო გამწვავება არ სურთ და არ უნდათ, რომ ის რუსეთს და ამერიკას შორის კონფლიქტში გადაიზარდოს”, – განაცხადა კენეტ იალოვიცმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები