პრემიერმა ვარძიაში სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა

        ათეული წლებია ვარძია არ იყო განათებული. ჩვენი ინიციატივით ვარძია გავანათეთ, რათა მეტი ტურისტის მოზიდვის ადგილი გახდეს; ბოლო ორი წელი ტურისტების რაოდენობა გაიზარდა, ახლა საჭიროა, რომ ძეგლის უნიკალურობა მეტად იქნას წარმოჩენილი,-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვარძიაში სტუმრობისას.
დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვარძიას ეწვია და სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე აღდგენითი  სამუშაოები დაათვალიერა.  მთავრობის მეთაურმა ისტორიული საჯინიბო, პირველი სატრაპეზო, ვარძიის სამრეკლო, ძეგლის მთავარი კარიბჭე, თამარის წყარო, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი და მამათა მონასტერი მოინახულა.
მანვე სამუშაო შეხვედრა გამართა საველე შტაბში და მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე სამუშაოების შესახებ.
“ჩვენ დავიწყეთ ვარძიის რეაბილიტაციის პროექტი. იგი იქნება გაწერილი სამ-ოთხ წელიწადზე. ახლა ვაკეთებთ დეტალურ ანალიზს. ხდება ყოველწუთიერი, მილიმეტრული დაკვირვება. ძალიან სერიოზულ სამუშაოებს აქვს ადგილი,”-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ვარძიის გადარჩენის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მუშაობა რამდენიმე მიმართულებით  ხორციელდება: საგანგებო სეისმო და მეტეო-სადგურების ქსელის ინსტალაცია,  კლდის  სრული დიაგნოსტიკა – სეისმო-ტომოგრაფიული და გეოფიზიკური კვლევა, თერმო გადაღებები და კვადროკოპტერის მეშვეობით ვარძიის სამგანზომილებიანი მოდელი შექმნება, სადაც  ვარძიის მდგომარეობის სრული და დეტალური ინფორმაცია განთავსდება.   ვარძიის ქედზე ხორციელდება  წყალამრიდი არხების გადაუდებელი აღდგენა-მშენებლობა, ხოლო  2015 წლის ბოლოს მზად იქნება ვარძიის კედლის მხატვრობის სრული კვლევითი-დიაგნოსტიკური დოკუმენტაცია.
ძეგლის ინფრასტრუქტურის სრული მოწესრიგებისთვის მიუვალ და სახიფათო უბნებზე    უსაფრთხო გადაადგილებისთვის,  მიმდინარეობს კიბეებისა  და  მოაჯირების  მონტაჟი და  ტურისტული ბილიკების მოწესრიგება.
უსაფრთხოების მოაჯირებისა და ბილიკების მოწესრიგების გარდა, ვარძიაში დამონტაჟდა განათების სისტემა, რომელიც ჩაბნელებული ძეგლის სრულად განათების და ტურისტებისა და მომლოცველებისთვის  ვარძიის ღამის საათებში მონახულების შესაძლებლობას იძლევა.
პროგრამის განსახორციელებლად გაერთიანებულია   ქვეყნის სამეცნიერო და საერთაშორისო ინსტიტუტები, რომელსაც იუნესკოს ექსპერტი,  კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საინჟინრო-გეოლოგიური მეცნიერებების დოქტორი,  მეწყერების საერთაშორისო კონსორციუმის ვიცე-პრეზიდენტი   კლაუდიო მარგოტინი ხელმძღვანელობს.  ვარძიის ფრესკების კვლევით სამუშაოებში ლონდონის კურტოს უნივერსიტეტისა და თბილისის სამხატვრო აკადემიის რესტვარაცია– კონსერვაციის ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობენ.
პრემიერ–მინისტრის ინიციატივით დაწყებული ვარძიის გადარჩენის პროექტის განსახორციელებლად, პირველი ეტაპისთვის, მთავრობამ უკვე გამოყო ნახევარ მილიონ ლარზე მეტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები