„ნაციონალებს“ ტრანსპორტის შეღავათებთან დაკავშირებით მერიის მიმართ შენიშვნები აქვთ

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა-განახლებული თბილისი“ მერიის საფინანსო ჯგუფს ხვალ შეხვდება და ბიუჯეტთან დაკავშირებით მათ ხედვებს და შენიშვნებს გააცნობს.
როგორც საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა-განახლებული თბილისის” თავმჯდომარემ თამაზ შოშიაშვილმა განაცხადა, „ნაციონალებს“ სხვა შენიშვნებთან ერთად პრეტენზიები ტრანსპორტის შეღავათებთან დაკავშირებითაც აქვთ.
შოშიაშვილი პოლიტპატიმრებისთვის მგზავრობაზე შეღავათების დაწესებას აპროტესტებს და მერს დანაპირებს ახსენებს.
„ შენიშვნები გვაქვს ტრანსპორტის შეღავათებთან დაკავშირებით, ჩვენს პროგრამაში შეღავათები იყო სტუდენტებისთვის, პედაგოგებისთვის სოციალურად დაუცველებისთვის. ნარმანია დაჰპირდა ბაღის პედაგოგებს, რომ ისინი უფასოდ იმგზავრებდნენ, მაგრამ ბიუჯეტში ეს გაწერილი არ არის. ამის მაგივრად ჩვენ მივიღეთ შეღავათები ე.წ. პოლიტპატიმრებზე. ნარმანია მათ დაჰპირდა, რომ ისინი 20 თეთრად იმგზავრებდნენ, თუმცა ბიუჯეტში გაწერილია, რომ ისინი უფასოდ იმგზავრებენ. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რა კრიტერიუმით შეარჩიეს ეს ადამიანები, რომ მათ უფასოდ იმგზავრონ. შემცირებულია ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები. გაწერილი არ არის არცერთი პროგრამა, რომლის მიხედვითაც დედაქალაქი საცობებისგან განიტვირთებოდა. არ აშენდება არცერთი ესტაკადა და პანდუსი, თანხები გაწერილია მხოლოდ გზების შეკეთებაზე“,- განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოში დედაქალაქის ბიუჯეტის ოფიციალური განხილვა დღეს იწყება. 2014 წელთან შედარებით, 2015 წლის ბიუჯეტი 27 მილიონით გაიზარდა და ჯამში 799 მილიონი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები