„სუსტი და უამბიციო ბიუჯეტი“ – „ნაციონალები“ თბილისის 2015 წლის ბიუჯეტს აკრიტიკებენ
„დედაქალაქის მერს არ აქვს თბილისის განვითარებაზე და დედაქალაქის მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე კონკრეტული ხედვა. ეს არის ძალიან სუსტი და უამბიციო ბიუჯეტი“,- აღნიშნული განცხადება საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა-განახლებული თბილისის” თავმჯდომარემ თამაზ შოშიაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას პრესკლუბში გააკეთა.
შოშიაშვილი ბიუჯეტის ზრდის საკითხსაც შეეხო. მისი განცხადებით, დედაქალაქის ბიუჯეტი არ იზრდება, უბრალოდ მასში წინა წლის ნაშთი – 68 მილიონია გადატანილი. ოპოზიციის წამომადგენელმა ხელისუფლება ასევე სოციალური პროგრამებისა და კომუნალური ვაუჩერების თანხის დაფინანსების შემცირების გამო გააკრიტიკა.
„დედაქალაქის ბიუჯეტი რეალურად არ იზრდება. მომავალი წლის ბიუჯეტში 68 მილიონი 2014 წლის ბიუჯეტის გადატანილი ნაშთია. ეს ნიშნავს იმას, რომ 2015 წლის ბიუჯეტი ვერ შესრულდება. ეს ნარმანიას მიერ სეკვესტრირებული ბიუჯეტიდან დაიზოგა. ბიუჯეტის მიხედვით 200 მილიონამდეა ჯანდაცვა – სოციალური პრიორიტეტი, მაგრამ მუხლობრივად ჯანდაცვა და სოციალური განსხვავდება. რაც შეეხება უშუალოდ სოციალურ მხარეს, ამ კუთხით კლებაა 6 მილიონ 605 ათასი ლარით. წლების განმავლობაში სოციალური მუხლი იმატებდა, განახევრებულია კომუნალური გადასახადების დაფინანსება, მაშინ როდესაც მოსახლეობას დასაქმების მერე ყველაზე მეტ პრობლემად გადასახადები აწევს“, – განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოში დედაქალაქის ბიუჯეტის ოფიციალური განხილვა დღეს იწყება. 2014 წელთან შედარებით 2015 წლის ბიუჯეტი 27 მილიონით გაიზარდა და, ჯამში, 799 მილიონი შეადგინა.