შპს „კედარი“ ნახევარფაბრიკატებს უცხოეთიდან შემოტანილი ხორცით ამზადებს
შპს „კედარის“ მიერ წარმოებულ ნახევარფაბრიკატებში, სადაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში მიკროორგანიზმი აღმოაჩინეს, უცხოეთიდან შემოტანილი ხორცით მარაგდება, – ამის შესახებ „კვირას“ საწარმოს დირექტორმა დევი ჯანაშიამ განუცხადა.
მისი თქმით, საწარმომ უკვე ერთი წელია ხელშეკრულება გააფორმა ხორცის დისტრიბუტორ ფირმასთან, შპს „ედიშერთან“ და ნახევარფაბრიკატებს სწორედ უცხოეთიდან შემოტანილი ხორცით ამზადებს.
„უკვე ერთი წელია შპს „ედიშერი“ საზღვარგარეთიდან შემოტანილი ხორცით გვამარაგებს. ჩვენ ვამზადებთ სხვადასხვა სახის ნახევარფაბრიკატებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს შემოწმების შემდეგ საწარმო დავხურე. რაც შეეხება ჩვენ მიერ დამზადებულ გაყინულ ხინკალს, რომლითაც თბილისის სხვადასხვა სუპერმარკეტი და მაღაზია მარაგდება, გუშინ სასწრაფო წესით უკან დავაბრუნეთ და ქსელიდან ამოვიღეთ“, – აღნიშნა დევი ჯანაშიამ.
როგორც „კვირას“ დევი ჯანაშიამ განუცხადა, მისივე გადაწყვეტილებით შპს „ედიშერის“ მიერ შემოტანილ ხორცს ლაბორატორიული კვლევა უტარდება, პასუხი კი ხვალ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ არ მიირთვას შპს “კედარის” გაყინული ხინკალი, რადგან მასში აღმოჩენილია “ლისტერია მონოციტოგენეზი” – პათოგენური მიკროორგანიზმი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის, განსაკუთრებით კი ბავშვებისა და ორსული ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ანალოგიური განცხადება გაავრცელა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს, როდესაც ხორცისა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო შპს ,,კედარის” მიერ 4 ოქტომბერს წარმოებულ გაყინულ ქაბაბში ლისტერია მონოციტოგენეზი აღმოჩნდა, რის შემდეგაც საწარმოში უნდა ჩატარებულიყო არაგეგმური ინსპექტირება, თუმცა, ადგილზე მისულ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს ხორცისა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო დახურული დახვდათ.
შპს “კედარს” საწარმოო პროცესი დღემდე შეჩერებული აქვს, მაგრამ სარეალიზაციო ქსელში კვლავ არის განთავსებული მის მიერ ოქტომბერში წარმოებული ნახევარფაბრიკატები, რაც, დიდი ალბათობით, შესაძლოა, ასევე საფრთხის შემცველი იყოს.