კახა ბენდუქიძეს ლონდონიდან თბილისში დღეს ჩამოასვენებენ
საქართველოს ეკონომიკის ყოფილ მინისტრსა და თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელს კახა ბენდუქიძეს ლონდონიდან თბილისში დღეს, 16:00 საათზე პირდაპირი რეისით ჩამოასვენებენ. ამის შესახებ „კვირას“ თავისუფალი უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
მათივე განცხადებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კახა ბენდუქიძის ცხედარს საკუთარ სახლში მოსეშვილის ქუჩაზე გადაასვენებენ, სადაც 21 ნოემბერს პანაშვიდი გაიმართება.
კახა ბენდუქიძეს 22 ნოემბერს დაკრძალავენ. გამოსვენება კი თავისუფალი უნივერსიტეტის შენობიდან მოხდება.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში ლონდონში, სასტუმრო „ინტერკონტინენტალში“, 13 ნოემბერს, საღამოს საათებში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მას გულის ოპერაცია შვეიცარიაში გაუკეთეს, 3 სტენდი ჩაუდგეს, მოგვიანებით კი ინგლისში გადაიყვანეს. ის ლონდონში გარდაიცვალა.