საიუბილეო წიგნის პრეზენტაცია და გამოფენა გაიმართება

დღეს ევროპის სახლში საიუბილეო წიგნის წარდგინება და გამოფენა „მოგზაურობით გარდასახულნი“ გაიმართება. მიმდინარე წელს სრულდება თბილისსა და საფრანგეთის ქალაქ ნანტს შორის დაძმობილების 35-ე წლისთავი. ორ ქალაქს შორის ამ ხანგრძლივი მეგობრობისა და თანამშრომლობის აღსანიშნავად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში დაგეგმა რამდენიმე ღონისძიება.
საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად თბილისის მერიის ინიციატივით შეიქმნა ნანტისა და თბილისის 35-წლიანი ურთიერთობების ამსახველი წიგნი-ალბომი, რომელიც ამ პერიოდში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისა და ადამიანებს შორის დამყარებული ურთიერთობების შესახებ მოგვითხრობს.
გამოფენა „მოგზაურობით გარდასახულნი» ნანტელ ესეისტ ხელოვანს ჟერარ ორეის ეკუთვნის, რომელიც სამმხრივი დაძმობილების ფარგლებში უკვე გაიმართა ქალაქ ნანტში 2013 წელს, ნანტის ევროპის მწვანე დედაქალაქთან დაკავშირებით, ასევე ზაარბრიუკენში.
ნანტელმა ესეისტმა ხელოვანმა ჟერარ ორეიმ, ნანტისა და ზაარბიუკენის რკინიგზის სადგურებში, ასევე თბილისის აეროპორტში ჩამოსული მგზავრების ფეხსაცმლიდან აიღო მტვერი, რომელიც დათესა ლაბორატორიაში. გარკვეული პერიოდის შემდეგ იქ აღმოცენდა სხვადასხვა სახის მცენარეები და ხავსები. ჟერარ ორეი ვიდეოფირებსა და ფოტოებზე აღბეჭდავდა მცენარეების ზრდის პროცესს, ასე წარმოიშვა „მოგზაურობით გარდასახულნი“ ორიგინალური ფლორა, რომელზეც, ხელოვანის წარმოსახვაში, ამა თუ იმ ქვეყნიდან ჩამოსული მგზავრის მიერ ჩამოტანილი, უკვე სხვაგვარად გარდასახული პეიზაჟის ელფერია აღბეჭდილი. ჟერარ ორეის გამოფენას, როგორც ორიგინალურსა და ესეისტურს, წარმატება ხვდა წილად ნანტსა და ზაარბრიუკენში.
ჟერარ ორეის გამოფენა და საიუბილეო წიგნის გამოცემა თბილისი-ნანტის დაძმობილების 35- წლიანი ისტორიის კიდევ ერთი ლამაზი სიუჟეტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები