სასჯელაღსრულების სამინისტრო ომბუდსმენის აღმოჩენილ დარღვევებზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სახალხო დამცველის აპარატის მიერ აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გაკეთებულ განმარტებაშია აღნიშნული, მინისტრის მოადგილემ, კახა კახიშვილმა სახალხო დამცველს შესთავაზა, განცალკევებით, ან მასთან ერთად შეხვდეს მსჯავრდებულებს და მათგან პირადად მიიღოს ინფორმაცია.
“სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცული იყოს ადამიანის უფლებები თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, ამდენად, სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სრულად იქნება გამოკვლეული მედიით გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობა. აქვე აღვნიშნავთ, რომ სასურველი იქნებოდა, სახალხო დამცველის აპარატს დროულად უზრუნველეყო სამინისტროს ინფორმირება აღნიშნულის შესახებ, რადგან, ინფორმაციის რამდენიმე დღის დაგვიანებით გავრცელებამ შეამცირა შესაძლებლობა, რომ დროულად დანიშნულიყო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და დადგენილიყო დაზიანებათა წარმოშობის მექანიზმი და ხარისხი. იმ შემთხვევაში, თუ გენერალური ინსპექციის დასკვნით გამოიკვეთება სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების თანამშრომელთა ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეგზავნება. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ უკვე მიმდინარეობს გამოძიება სწორედ აღნიშნული მსჯავრდებულების მიერ აკრძალული ნივთით სარგებლობის ფაქტზე, სისხლის სამართლის 378-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით.
ვინაიდან გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია მაღალი საჯარო ინტერესი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა კახიშვილი დღესვე შესთავაზა სახალხო დამცველს, განცალკევებით ან მასთან ერთად შეხვდეს მსჯავრდებულებს და მათგან პირადად მიიღოს ინფორმაცია”, ნათქვამია განცხადებაშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები