საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იშტვან მიკოლას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს იშტვან მიკოლას შეხვდა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინინისტროს პრესცენტრში აცხადებენ, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები.
მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებსა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე. ამ კუთხით ხაზი გაესვა ნატო-ს უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობას და მათი განხორციელების სამომავლო პერსპექტივებს, ასევე, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებების დროულად დასრულებას.
მინისტრის პირველმა მოადგილემ თავის კოლეგას გადასცა ქართული მხარის თხოვნა, უნგრეთის პარლამენტმა ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოკლე დროში მოახდინოს.
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და რუსეთის მიერ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებისათვის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების“ შეთავაზებას. უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ დაადასტურა, რომ უნგრეთი ტრადიციულად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები