საქართველო-ბრიტანეთს შორის პოლიტიკური დიალოგი გაიხსნა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის ყოველწლიური ორმხრივი დიალოგის დაწყებას მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევს, რომელიც თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობას.
ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ყოველწლიური დიალოგის დაწყების საინაუგურაციო სხდომა 2014 წლის 19 ნოემბერს ლონდონში გაიხსნა.
პირველ სხდომას გაერთიანებული სამეფოს ევროპულ საქმეთა მინისტრი დევიდ ლიდინგტონი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი წარუძღვნენ.
მინისტრებმა აღნიშნეს თანამშრომლობის თვისობრივად ახალი ეტაპის დაწყების მნიშვნელობა. მათი მხრიდან ხაზი გაესვა გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ სფეროებს.
„ მოხარული ვარ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილთან ერთად, დღეს გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის დიალოგი დაიწყო. ვიმედოვნებ, რომ ეს შეხვედრები კიდევ უფრო განამტკიცებს გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის უკვე არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს და, ამასთანავე, ევრო-ატლანტიკურ სივრცესთან კავშირებს განავრცობს“, – განაცხადა დევიდ ლიდინგტონმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, ორმხრივი დიალოგი თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს ორი ქვეყნის ურთიერთობას, ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ინსტიტუციური დიალოგის განვითარებას და თანამშრომლობის ახალი სფეროების წარმოჩენას. როგორც შეხვედრაზე თამარ ბერუჩაშვილმა აღნიშნა, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ისტორიაში ახალი ფურცელი იწყება, რაც ქვეყანას თავისუფალი სახელმწიფოების ევროპულ ოჯახში შეიყვანს.
“ამის გათვალისწინებით ჩვენ ველით, რომ წლიური დიალოგი იქნება ის ფორმატი,რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები. ჩვენ ვაფასებთ გაერთიანებული სამეფოს უწყვეტ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების არ აღიარების პოლიტიკისადმი, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის ფონზე”, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.