“პარლამენტში ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტი უაღრესად პროგრესულია“

ადვოკატი მერაბ ტურავა თვლის, რომ საქართველოს პარლამენტში ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტი უაღრესად პროგრესულია.
განცხადება ამის თაობაზე მერაბ ტურავამ დღეს „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ვთვლი, რომ ამ კანონით ყველაზე კარგად დარეგულირდება ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკითხები”, – აღნიშნა მერაბ ტურავამ.
ცნობისთვის: „ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონში” შესატან ცვლილებებზე ე.წ. გასაღების საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დღეს იმსჯელებენ. თუ ვის ექნება წვდომა პერსონალურ მონაცემებზე, ანუ ვინ გააკონტროლებს ე.წ. გასაღებს – საკითხი კვლად დავის საგანია. პარლამენტში ამ დროისთვის კანონპროექტის რამდენიმე ვერსიაა წარდგენილი. სამუშაო ჯგუფს დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ცვლილებების პაკეტის ალტერნატიულ ვარიანტს წარუდგენს, რომლიც ე.წ. ორი გასაღების პრინციპს ემყარება. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ერთ გასაღებს პერსონალური მონაცემების ინსპექტორი გააკონტროლებს, მეორეს კი – შინაგან საქმეთა სამინისტრო. საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილების მისაღებად ვადა 20 ნოემბრამდე აქვს. ფარული მიყურადების კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური გადაწყეტილების მიღების აუცილებლობაზე საუბრობენ. არასამთავრობო სექტორმა საკანონმდებლო ორგანოს, ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებისგან პერსონალური მონაცემების მოპოვებასთან დაკავშირებით, საკუთარი საკანონმდებლო ინიციატივით ორი კვირის წინ მიმართა. პროექტი ე.წ. ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რომლის თანახმად, სამართალდამცავ ორგანოებს ფარული მოსმენის განხორციელება ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიისა და სასამართლოს დაშვების შედეგად შეეძლებათ. აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივაზე კანონმდებლებს ამ დრომდე არ უმსჯელიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები