საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მხატვრის დევიდ დათუნას ნამუშევრის პრეზენტაცია გაიმართა – ფოტოკოლაჟი
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში წარმოშობით ქართველი, ამერიკელი მხატვრის დევიდ დათუნას პროექტის “საქართველო – მილიონების იმედი” პრეზენტაცია გაიმართა. მისი ერთ-ერთი ნამუშევარი მხატვარმა ქართველ ხალხს უსახსოვრა, რომელიც სიმბოლურად საქართველოს პრეზიდენტს გადაეცა.
საქართველოს პრეზიდენტმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ქვეყნის პირველმა პირმა უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების როლზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ხელოვანს საქართველოს პოპულარიზაციისთვის.
“უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო დათოს, რომელიც არა მარტო გამოჩენილი ხელოვანია და საქართველოს სახელი გააქვს მთელ მსოფლიოში, არამედ დაინტერესებულია საკუთარი სამშობლოს პოპულარიზაციით. იგი ასეთი ფორმით გამოხატავს სიყვარულს თავისი ქვეყნის მიმართ, სადაც დაიწყო კიდეც მისი შემოქმედებითი გზა. ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ადამიანები, ემიგრანტები დაუბრუნდნენ მშობლიურ ქვეყანას. არაერთი უნიჭიერესი ქართველი თავისი შემოქმედებით ემსახურება როგორც თავის სამშობლოს, ისე მთელ კაცობრიობას”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
თავის მხრივ მხატვარმა აღნიშნა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა შეექმნა საქართველოს დროშა და მიაჩნია, რომ ეს დრო სწორედ ახლა დადგა.
“დღეს საქართველოში ისეთი ვითარება, ყველამ უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველოს გზა გადის ევროპასა და დემოკრატიაზე. ეს დროშა სწორედ დემოკრატიის სიმბოლოა”, – განაცხადა მხატვარმა.
უნიკალური საავტორო სტილით შექმნილ ნამუშევარში ასახულია საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მომენტები, ზედაპირი კი დაფარულია ოპტიკური ლინზებით, რომლებიც ასახავს ადამიანთა განსხვავებულ ხედვასა და დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართ.
მხატვრის ნამუშევრის პრეზენტაციას საქართველოს პირველი ლედი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.