პრემიერი ხვალ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის შემოვლითი გზის 32-კილომეტრიან მონაკვეთს გახსნის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის შემოვლითი გზის 32-კილომეტრიან მონაკვეთს გახსნის. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქუთაისის 32-კმ-იანი შემოვლითი გზა, E60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ნაწილია. ეს გზა საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფანს, ახალ შესაძლებლობებს აძლევს. 32-კმ-იანი მონაკვეთი ქუთაისს სატრანზიტო ნაკადისგან განტვირთავს, ხოლო მგზავრობის ხანგრძლივობას 30 წუთით შეამცირებს. ახალი გზა ნახშირღელის მიმდებარე ტერიტორიიდან კოპიტნარის აეროპორტის გასწვრივ არსებულ მაგისტრალს შეუერთდება.
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო, საქართველოს მთავრობასთან ერთად, აფინანსებს. შესრულებული სამუშაოების ღირებულება 181 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოებზე 1000-მდე ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ახლომდებარე სოფლებისა და ქალაქების მაცხოვრებელია.