შსს-ს ვებ-გვერდის სპეციალური ხმოვანი ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, კერძოდ უსინათლოთათვის და მხედველობადაქვეითებული პირებისთვის, შსს-ს ვებ-გვერდის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად www.police.ge-ის სპეციალური ხმოვანი ვერსია მოამზადა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ვებ-გვერდის ხმოვანი ვერსიის შექმნის მიზანია,www.police.ge-ზე განთავსებული და განახლებადი ინფორმაცია უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის სრულად იყოს ხელმისაწვდომი. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ვებ-გვერდის ადაპტირების პროექტი შემუშავდა და ექვსი თვის განმავლობაში განხორციელდა შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტთან და „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ წევრებთან – ბექა გოზალიშვილთან და ვლადიმერ ურდულაშვილთან ერთად. პროექტი პასუხობს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) გამოწვევებს, კერძოდ, საჯარო მომსახურების გაუმჯობესებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რომელიც ვალდებულების სახით „ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს“ 2014–2015 წლის სამოქმედო გეგმაშია შესული.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობა, რაც სამინისტროს საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე საზოგადოების ჩართულობას და სამინისტროს მიმართ ნდობის გაღრმავებას მოიცავს. ასევე მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და საჯარო მომსახურების დახვეწა. შსს-ს ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში მომზადდა ხმოვანი ვებ-პორტალი voice.police.ge. ახალი ინფორმაცია, რომელიც განთავსდება police.ge-ზე ავტომატურ რეჟიმში გადავა voice.police.ge-ზეც. ხმოვანი ვებ-პორტალი ნებისმიერი ბრაუზერის გამოყენებით არის ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი არის უნიკალური და საქართველოში მას ანალოგი არ გააჩნია. შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველი უწყებაა, რომელმაც უსინათლო და მხედველობადაქვეითებული პირებისთვის ვებ-გვერდის ხმოვანი ვერსია შექმნა“,- აცხადებენ სამინისტროში.