„ევროკავშირი ცდილობს, საქართველოში ინვესტიციები მოიზიდოს“

  ევროკავშირი ცდილობს, საქართველოში ინვესტიციები მოიზიდოს, – ამის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა გიუნტერ ოტინგერმა დღეს მაია ფანჯიკიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ოტინგერმა ისაუბრა საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე და ამ მხრივ საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობის გაღრმავებაზე.
“ევროკავშირი ცდილობს, მოიზიდოს ინვესტიციები საქართველოში, რათა საქართველოს ენერგოსისტემა უფრო გაძლიერდეს და თქვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება უფრო მდგრადი იყოს. ჩვენ გავცვლით მოსაზრებებს და გავუზიარებთ გამოცდილებებს ერთმანეთს და ხელს შევუწყობთ ინვესტიციებს თქვენს ქვეყანაში”, – განაცხადა გიუნტერ ოტინგერმა.
როგორც ოტინგერმა აღნიშნა, მისი ვიზიტის პარალელურად, საქართველოში გერმანელ ბიზნესმენთა ჯგუფი იმყოფება, რომლებიც დღეს ევროკომისართან ერთად ენერგეტიკის სფეროში ბიზნესფორუმის გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან. დელეგაციის შემადგენობაში არიან ისეთი მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები, როგორიც არის: “სიმენსი”, გერმანიის რკინიგზა, გერმანიის ბანკი, “ჰაიდელბერგ ცემენტი”. აღნიშნული ჯგუფის მთავარ მიზანს საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებობების შესწავლა წარმოადგენს.
ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში საქართველოს დღეს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გიუნტერ ოტინგერი შეხვედრას ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართავს და ილია უნივერსიტეტში წაიკითხავს საჯარო ლექციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები