„ყველა ჩვენს გვერდით იდგება, ვინც ამას იმსახურებს“

  ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ პარტია “ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოში” განახლების დაგეგმილ პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, ყველა იდგება მათ გვერდით, ვინც ამას იმსახურებს, ვისაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია და განათლება. მისივე განმარტებით, ამ მიზნით რეგიონული კონფერენციები გაიმართება. “მოგეხსენებათ, ვერ მოხერხდა პარტიის გაძლიერება. ამიტომ, როგორც პრემიერმა განაცხადა, უახლოეს მომავალში დავიწყებთ კონფერენციების ჩატარებას, რათა ავირჩიოთ ახალი თავმჯდომარეები. იყო გარკვეული რაიონები, სადაც პრობლემები არსებობდა, რადგან საერთოდ არ გვქონდა ადგილობრივი ოფისები. ყველა ის პირი, ვინც ღირსეულად იბრძოდა, ამ პროცესებში მიიღებს მონაწილეობას. ყველა იდგება ჩვენს გვერდით, ვინც ამას იმსახურებს, ვისაც გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია, განათლება, გააგრძელებს თანამშრომლობას და მუშაობას ჩვენთან”, – განაცხადა კალაძემ.
ენერგეტიკის მინისტრის განმარტებით, ის ნიჰილიზმიც, რომელიც დასაქმებასთან დაკავშირებით მათ მხარდამჭერებში გარკვეულწილად არსებობდა, აღმოიფხვრება. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ პარტიის წევრებს და აქტივისტებს მიმართა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, პარტია გადადის ახალ ეტაპზე და პარტიის წევრებისა და აქტივისტების მონაწილეობა ამ საქმეში უაღრესად მნიშვნელოვანია. მისივე განცხადებით, პარტია ახალი ძალით იწყებს მუშაობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები