მიხეილ გიორგაძე დღეს მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანულ კულტურის მუზეუმს ეწვევა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე დღეს მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანულ კულტურის მუზეუმს ეწვევა და შენობას დაათვალიერებს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ გიორგაძე მუზეუმის ხელმძღვანელობას შეხვდება და 18-19 ნოემბერს აზერბაიჯანში დაგეგმილ ვიზიტზეც ისაუბრებს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ბაქოში აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მიწვევით მიემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი.
18 ნოემბერს ბაქოში საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების ორგანიზებით ქართველი მხატვრების გამოფენა მოეწყობა. ექსპოზიციაზე სხვადასხვა თაობის 62 ქართველი მხატვრის 124 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.
19 ნოემბერს დაგეგმილია კატალოგის პრეზენტაცია სახელწოდებით “აზერბაიჯანული ხალიჩები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში”. კატალოგი საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და თბილისის მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოიცა.