ჯორჯ სოროსი: სააკაშვილს ეგონა, რომ ამერიკა მოვიდოდა და უშველიდა

  „ღია საზოგადოების ფონდების” დამფუძნებლმა, ამერიკელმა ფინანსისტმა ჯორჯ სოროსმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას დაშვებულ შეცდომებზე სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა. შეხვედრა, რომელიც სხვადასხვა უნოვერსიტეტების სტუდენტებთან გაიმართა, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
სტუდენტები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსეთის პოლიტიკით დაინტერესდნენ.
კითხვაზე – აქვს თუ არა საქართველოს შესაძლებლობა, რომ დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნოს, ამერიკელმა ფინანსისტმა უპასუხა, რომ საქართველოს რუსეთთან დაპირისპირების რესურსი არ აქვს.
„ასეთი შეცდომა ერთხელ იყო უკვე დაშვებული სააკაშვილის მიერ. სააკაშვილი იმ პერიოდში პრეზიდენტმა ბუშმა წაახალისა. მას ეგონა, რომ ამერიკა მოვიდოდა და უშველიდა, მაგრამ ცხადია, ეს ასე არ მოხდა. ამიტომ, აქ ვერ ვხედავ სამხედრო გადაწყვეტილებებს, თუმცა რეჟიმის შეცვლამ რუსეთში, შეიძლება მოიტანოს რეჟიმების ცვლილება ოსეთში და აფხაზეთში“, – განაცხადა ჯორჯ სოროსმა სტუდენტებთან შეხვედრაზე.
ამერიკელმა ფინანსისტმა შეხვედრაზე უკრაინასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პუტინს დემოკრატიული უკრაინის ეშინია, ამიტომ, მის დასუსტებას ცდილობს.
„მე დავეხმარები ახალ უკრაინას, რომელიც საქართველოს ძალიან ჰგავს. ახალი საქართველო უფრო მყარად დგას გზაზე, ვიდრე უკრაინა. ერთი რამ ვიცი, რომ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ახლა პოლიტიკური კრიზისი ჩანს თითქოს, ეს მოულოდნელად მოხდა, მანამ, სანამ ჩამოსვლას დავაპირებდი. ძალიან მაინტერესებს პოლიტიკური პროცესები საქართველოში. ხვალ ალბათ ამაზე უფრო მეტს გეტყვით, რადგან ლიდერებს ვხვდები“, – აღნიშნა ჯორჯ სოროსმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ამერიკელი ფინანსისტი, ჯორჯ სოროსი თბილისის ხუთი უნივერსიტეტის 250-მდე სტუდენტს შეხვდა და საჯარო ლექცია ჩაატარა, რომლის თემა „ევროპის მომავალი“ იყო.
ამერიკელ ფინანსისტთან შეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები