“უმრავლეს შემთხვევაში ვიმარჯვებთ” – რა კავშირი აქვს მინისტრის მოადგილეს ბიზნესკომპანიებთან

  სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული, რამდენიმე ბიზნესს ფლობს. აღნიშნული დეკლარაცია მან 2013 წლის იანვარში შეავსო.
როგორც მინისტრის მოადგილის ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, გალიგაშვილის სახელს უკავშირდება შპს „კომპანია კ 2 “; შპს ჰერიო და შპს დიპეკსი, DEEPEX LTD.
„შპს „ჰერიო“ საავტომობილო გზების რეაბილიტაციას ახორციელებს და 2011 წლიდან დღემდე სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ყველა ტენდერში მონაწილეობს. უმრავლეს შემთხვევაში ვიმარჯვებთ. მთელ საქართველოს ტერიტორიაზე გზებს ვაგებთ. გვაქვს კერძო შეკვეთებიც, თუმცა უმნიშვნელო. ჩვენ ახლაც ვმუშაობთ და გზებს ვაგებთ თბილისში“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას შპს „ჰერიოს“ ფინანსურმა მენეჯერმა თემურ მელელაშვილმა.
მისი თქმით, დავით გალეგაშვილი შპს „ჰერიოს“ დამფუძნებელია და კომპანიის მმართველობა მინდობილობით სხვა პირზე აქვს გადაცემული.
თუმცა, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მინისტრის მოადგილე, შპს „ჰერაში“ დავით გალეგაშვილი დირექტორის და მმართველის თანამდებობას ითავსებს, საიდანაც შემოსავლის სახით შარშან 53 200 ლარი  მიიღო.
რაც შეეხება, შპს „კომპანია კ 2“ -ს და შპს „დიპეკსი, DEEPEX LTD“ საინფორმაციო ცენტრში არ ფიქსირდება.
2013 შევსებული დეკლარაციით, ვიგებთ, რომ ახლა უკვე ბ-ნი გალეგაშვილის საკუთრებაა: საცხოვრებელი ბინა თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე (104 კვადრატული მეტრი ფართობის); მიწის ნაკვეთი გრიგოლეთში (2 301 კვადრატული მეტრი ფართობის); მიწის ნაკვეთი დუშეთის რაიონში, ბაზალეთის ტბაზე (434 კვადრატული მეტრი ფართობის); ქ-ნი ჩარგეიშვილის უძრავ ქონებას კი არაფერი შეჰმატებია: მას კვლავაც მხოლოდ ის საცხოვრებელი ბინა აქვს ჭავჭავაძის გამზირზე.
დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფული დავით გალეგაშვილზეა მითითებული – 272 000 ლარი.
იმავე დეკლარაციიდან ირკვევა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში ორთვიანი მუშაობის შედეგად, მისმა სახელფასო ანაზღაურებამ 10 880 ლარი შეადგინა.
2005 წლის დეკლარაციაში დავით გალეგაშვილი ოჯახის წევრებად მიუთითებდა მეუღლეს – ნონა ჩარგეიშვილს და ორ ქალიშვილს: 1990 წელს დაბადებულ ნათიასა და 1989 წელს დაბადებულ თინათინს.
მაშინ, გალეგაშვილების ოჯახის უძრავი ქონება ერთი საცხოვრებელი სახლით შემოიფარგლებოდა: თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, რომელიც 150 000 ლარი ღირდა და ჩინოვნიკის მეუღლის, ქ-ნი ჩარგეიშვილის საკუთრებას წარმოადგენდა, თუმცა, იმ კონკრეტული დეკლარაციის შევსების დროს, ოჯახის უფროსს, ნაღდი ფულის სახით, 32 000 ლარი ჰქონდა.
იქვე აღნიშნულია, რომ იმ წელს გალეგაშვილს ხარჯიც ჰქონია – 3 150 ლარად შეუძენია ტელევიზორი, რემონტისთვის კი 4 300 ლარი გადაუხდია. ხოლო, როგორც საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარეს, წლიურ ხელფასად 35 072 ლარი მიუღია. საბანკო არც სესხები ჰქონია და არც დეპოზიტები.hffvhgh
მას შემდეგ, 2012 წლის ნოემბრამდე, მას სახელმწიფო სექტორში არ უმუშავია. თუმცა, ქონებრივ დეკლარაციაში მიუთითებს, რომ შპს „პროგრესის“ დირექტორობისას მან ხელფასის სახით 77 722 ლარი აიღო. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ნიუ კრედიტ ოფისის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობამ კი, სულ რაღაც 1 000 ლარი მოუტანა. დეკლარაციიდანვე ვიგებთ, რომ 2012 წლის ნოემბერში, როდესაც ბ-ნი გალეგაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, წილები შპს „ჰერიოსა“ და „კომპანია კ 2-ში“ მინდობილობით გადასცა, თუმცა ვის, უცნობია; ერთი ისაა, რომ მინდობის პროცესში მონაწილეობა ნოტარიუს ნუნუ გინტურს მიუღია.
განსხვავებით, 2005 წლის დეკლარაციისგან, რვა წლის შემდეგ, 2013 წლის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ბანკებიდან დავით გალეგაშვილს, საერთო ჯამში, მილიონი ლარისა და 211 662 აშშ დოლარის ოდენობის სესხი აქვს დასაფარი, მის უმუშევარ მეუღლეს კი – 8 200 ლარისა და 203 850 აშშ დოლარის ოდენობის. შესაბამისად, გასულ წელს ცოლ-ქმარს ამ სესხების მომსახურებისთვის თანხაც დაეხარჯათ, თუმცა, შემოსვალიც ჰქონდათ ავტომანქანის 47 000 ლარად გაყიდვიდან (ბ-ნმა გალეგაშვილმა ავტომანქანა შპს „ჰერიოს“ მიჰყიდა), ასევე, ზეპირი ხელშეკრულებით, 245 000 აშშ დოლარის სესხიც გაუცია უვადოდ, მაგრამ, ჯერჯერობით ამ ოპერაციიდან შემოსავალი არ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მედია-საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაცემი სოფლის მეურნეობის მოადგილე დავით გალეგაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. თუმცა, დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, მისი მოადგილის ცემის ფაქტი კატეგორიულად უარყო და აღნიშნა, რომ დავით გალეგაშვილმა დაზიანებები ვარდნის შედეგად მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები