ბაჩო ახალაია კახა ბენდუქიძესთან პირველ საქმიან შეხვედრას იხსენებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია კახა ბენდუქიძის გარდაცვალებას ოჯახს უსამძიმრებს. ბაჩო ახალაია ამბობს, რომ კახა ბენდუქიძე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი დანაკლისია.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა მივუსამძიმრო კახა ბენდუქიძის ოჯახს და მეგობრებს ამ შესანიშნავი ადამიანის გარდაცვალება. ამავდროულად, მინდა აღვნიშნო, რომ კახა ბენდუქიძე ნამდვილად მნიშვნელოვანი დანაკლისია ჩვენი საზოგადოებისათვის, განსაკუთრებით ისეთი ეპოქალური სირთულეების ფონზე, როგორშიც დღეს საქართველო იმყოფება.
ერთხელ კიდევ გავიხსენებ მასთან ჩემს პირველ საქმიან შეხვედრას, როცა ის ჯერ კიდევ ახალი მინისტრი იყო. იქ მე პირველად ვნახე ეს შესანიშნავი ადამიანი, რომელსაც ხედვის ფართო დიაპაზონი, უბრალოობა და გამჭრიახობა ახასიათებდა. ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობისას არ არსებობდა არც ასაკი და არც რამე შემზღუდავი ბარიერი, ის მხოლოდ გონების ძალით ურთიერთობდა.
სამწუხაროდ, კახა ბენდუქიძე კიდევ ერთი მაგალითი აღმოჩნდა ჩვენი ყოფიერების, როდესაც მის პროგრესულ და ნათელ საქმეებს ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ უფრო ღიად, თავისუფლად და მადლიერებით მოიხსენიებენ, ვიდრე მის ცხოვრებაში“, – წერს ბაჩო ახალაია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები