რა გეგმები და მიზნები ჰქონდა კახა ბენდუქიძეს?
კახა ბენდუქიძის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ბათუმში ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნა იყო, რისთვისაც უკვე ყველაფერი თითქმის დასრულებული ჰქონდა,- ბენდუქიძის შეუსრულებელ გეგმებსა და მიზნებზე გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი კოტე გაბაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
“ყველაფერი ითქმება, უთუოდ – კარგები კარგს იტყვიან, ცუდები ცუდს. ვერ ვისვენებ, ძალიან შევწუხდი, აი, რა მინდა დავამატო – კახა მზად იყო, მოლაპარაკებებიც ჩატარებული და ბათუმში ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა გახსნილიყო, შენობაც გამზადდა. სხვა ასპექტებზე არაფერს ვიტყვი, ერთადერთი ის, რომ ეს იქნებოდა დიდი, პარადიგმატული გარღვევა საქართველოსთვის. მონაწილე ამერიკელები, მილენიუმი, უკვე შერჩეული საუკეთესო ამერიკული უნივერსიტეტები, წინა საქართველოს მთავრობა და კახა იყვნენ. თავის ფულს კახა პარტნიორულად აბანდებდა ამ გრანდიოზულ საქმეში. ეს იყო დიდი ცოდნა, კატეგორიულად ახალი აზროვნება და დიდი შანსი ახალგაზრდა საქართველოსთვის, მთლიანად ქვეყნისთვის. ჩაშალეს, დაარღვიეს, გამოეკიდნენ, გააქციეს, გული გაუხეთქეს. ამ დიდი ქართული საქმის გაფუჭების ყველა მონაწილემ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს დიდი მტრობა გაუწიეს, ეს ყველამ უნდა იცოდეს – ვინ არიან. ზოგი ცნობილია, ზოგი – არა. გაირკვევა დიდიც და პატარაც, ისტორია არ აპატიებს. გული მიკვდება, ეს ამბავიც რომ მახსენდება“, – წერს კონტანტინე გაბაშვილი.