გიორგი მარგველაშვილი: ბოლო დღეებში უკვე გაურკვეველი იყო, ვის ემსახურებიან ინსტიტუტები
ბოლო დღეებში უკვე გაურკვეველი იყო, ვის ემსახურებიან ინსტიტუტები – საკუთარ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, თუ სახელმწიფოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო მიმართვის დროს აღნიშნა, რომ პოლიტიკურ პროცესთა მიზეზი უფრო ღრმაა, ვიდრე ერთი პოლიტიკური ჯგუფის, “თავისუფალი დემოკრატების” შეუთავსებლობა მმართველი კოალიციის დღის წესრიგთან. მისი თქმით, ამ პოლიტიკური პროცესების მიზეზი არის ის, რაც მას არაერთხელ უთქვამს ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
“ბოლო ერთი წლის მანძილზე მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ინსტიტუტების უპატივცემულობა, დაბალანსებისა და ძალთა გადანაწილების პრინციპების უგულებელყოფა სახელმწიფო სისტემას სირთულეებს შეუქმნიდა. ასეც მოხდა. ბოლო დღეებში უკვე გაურკვეველი იყო, ვის ემსახურებიან ინსტიტუტები, საკუთარ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, თუ სახელმწიფოს, რამდენად დაცულია სახელმწიფო საიდუმლოების, გამოძიების მიუკერძოებლობის ან უწყებათა დეპოლიტიზების პრინციპები.
შესაბამისად, ჩემთვის ეს კონკრეტული შემთხვევა არის ზოგადი, უფრო ფართო პრობლემის სიმპტომი, სიმპტომი, რომელმაც უნდა გვიბიძგოს სისტემის დახვეწისა და მომავალში ასეთი პრობლემის თავიდან ასაცილებლად”, – განაცხადა მარგველაშვილმა.