გია ხუხაშვილი: ინა გუდავაძესთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ მაქვს
გია ხუხაშვილი ვალერი გელბახიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ინა გუდავაძეს პოლიტიკაში ჩასართავად ხუხაშვილი ამზადებს, სისულელეს უწოდებს. როგორც მან „კვირასთან“ განაცხადა, ის პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს. მისი თქმით, არსებობს კონკრეტული დაინტერესებული პირი, რომლის შეკვეთითაც პრესაში მის მიმართ ათასი სიცრუე იბეჭდება. ამავე დაკვეთის შემსრულებლად მოიაზრა ხუხაშვილმა ყოფილი პარლამენტარი ვალერი გელბახიანიც.
„ეს არის თეთრი ძაფით შეკერილი, დაკვეთილი ძალიან ვირეშმაკული ინფორმაცია, რასაც არანაირი კავშირი არა აქვს რეალობასთან, იმიტომ რომ მე პოლიტიკაში შემთხვევითი ადამიანი ვიყავი და მაშინვე ვთქვი, რომ ჩემი პოლიტიკაში ყოფნის ციკლი მალე დასრულდებოდა. არანაირ პოლიტიკურ აქტივობას მე არ ვაპირებ. ის წელიწადნახევარი, რაც პოლიტიკაში გავატარე, არ იყო ჩემთვის დამახასიათებელი საქმიანობა და მე აღარ ვაპირებ მასში შებრუნებას. მე ზუსტად ვიცი, ვინ უკვეთავს ამ სისულელეს, ვიცი ისიც, თუ რა მიზნით უკვეთავს. მართალია ვალერი გელბახიანი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესების გამომხატველი არაა, მაგრამ კონკრეტულ პირებთან მოვიაზრებ მას იმიტომ, რომ ერთ სისულელეს მეორე სისულელეზე აცხობს. ეს არის ვიღაცის შეკვეთით მომუშავე ადამიანი. მე ზუსტად ვიცი, ვისი შეკვეთაცაა. ის ყველა ხელისუფლებიდან არის, რომელიც საქართველოში არსებობდა ჯერ კიდევ კომუნისტებიდან “, – განაცხადა გია ხუხაშვილმა. ხუხაშვილის თქმით, მას ბადრი პატარკაციშილის ქვრივთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა არა აქვს და მით უმეტეს, მასთან ერთად რაიმე პოლიტიკურ აქტივობას არ გეგმავს. მისი თქმით, ინა გუდავაძესთან მისი ურთიერთობა მხოლოდ მორალური თანადგომით გამოიხატება.
„მე არანაირი საქმიანი ურთიერთობა არა მაქვს ქალბატონ ინა გუდავაძესთან, ჩემი ამ ოჯახთან ურთიერთობა ესაა მხოლოდ და მხოლოდ მორალური ფუნდამენტური პრინციპების დაცვაზე აგებული. ოჯახშიც არაა საქმე, ქვეყანაში მორალური პრინციპები უნდა იყოს დაცული და თუ სუსტი იჩაგრება, ყოველთვის მის მხარეზე უნდა ვიყო. არც ახლა და არც ბადრის სიცოცხლეში ამ ოჯახთან რაიმე საქმიანი ან ფინანსური ურთიერთობა არ მქონია“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.