კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პროგრამა
რა სამუშაოებს ჩაატარებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 2014 წელს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 2014 წლის პროგრამის ამოქმედებისთვის აუცილებელ სატენდერო და საკონკურსო დოკუმენტაციაზე მუშაობს. სააგენტო 2014 წელს გასული წლების მნიშვნელოვანი მრავალეტაპიან პროექტებზე მუშაობას გააგრძელებს. ამასთან, იგი ახალ პრიორიტეტებზე მუშაობასაც დაიწყებს. პროგრამას დაემატება ახალი პრიორიტეტი – ციხე-კომპლექსების კონსერვაცია და განვითარება. ძეგლთა ფიზიკური სამუშაოები ტრადიციულ დროს, გაზაფხულზე დაიწყება და განსაკუთრებული ყურადღება სამუშაობის შესრულების ხარისხზე გამახვილდება. პროგრამის მიხედვით, გაგრძელდება 2013 წელს დაწყებული ბებრის, აწყურისა და ხერთვისის ციხეების რეაბილიტაცია და დაიწყება შორაპნის ციხის I ეტაპის არქეოლოგიური-კვლევითი და საკონსერვაციო სამუშაოები. მიმდინარე წელს დუშეთის მუნიციპალიტეტში განხორციელდება ფუძნარის ჩამოქცეული გუმბათის აღდგენა, სარესტავრაციო სამუშაოები გაგრძელდება: თუშეთში კვავლოს კოშკსა და თბილისში სურბნიშანის ტაძარზე. თბილისში წელს პირველად დაიწყება ანჩისხატის რეაბილიტაცია. სამუშაობი მეტეხის ტაძარზე გაგრძელდება და განახლდება ორმოცმოწამეთას ეკლესიის არქეოლოგიური კვლევა და კონსერვაცია. მიმდინარე წელს ეროვნული სააგენტო სხვადასხვა მიმართულების სულ ასზე მეტ ცალკეულ პროექტს განახორციელებს.