განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე წვევამდელებმა ფიცი დადეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა პირველი სამმართველოს ბაზაზე 185 წვევამდელის ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე პოლიციის გენერალ-მაიორი ვახტანგ გომელაური წვევამდელთა ფიცის მიღებას დაესწრო, ჯარისკაცებს სამხედრო სამსახურის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ახალწვეულებმა საბრძოლო უნარების დემონსტრირება ჩაატარეს.
შს ცნობით, წვევამდელები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტში გაივლიან, შესაბამისი წვრთნების შედეგად სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიონალი ჯარისკაცისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. ასევე მონაწილეობას მიიღებენ სპორტულ ღონისძიებებში. ახალწვეულები უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებით, უფასო კვებით და ისარგებლებენ მოკლევადიანი შვებულებით.
სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებში დასაქმდებიან. ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ, წვევამდელთა ოჯახის წევრებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ თუ რა პირობებში იმსახურებენ მათი შვილები.