შსს-ს არქივის მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია“ ჩვენება ყვარელში გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტრო შეუერთდა ილია ჭავჭავაძის დაბადების 177 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს. შსს-ს არქივის მიერ გადაღებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „ვინ მოკლა ილია…“ კინოჩვენება კახეთში შედგა. ილია ჭავჭავაძის მკვლელობისა და მის მიერ საგურამომდე განვლილი უკანასკნელი გზის შესახებ მხატვრულ–დოკუმენტური ფილმის ჩვენება ყვარელში, დიდი მწერლის სახლ-მუზეუმში გაიმართა. ჩვენებას შსს-ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, ფილმის რეჟისორი მიხეილ ბერინაშვილი, ისტორიკოსი თენგიზ სიმაშვილი, კახეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, თელავის უნივერსიტეტის რექტორი ავთანდილ ღელეღუტაშვილი და რეგიონის კულტურის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ფაქტზე დაცული სისხლის სამართლის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში 11 ტომს მოიცავს. დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის შესახებ ფილმის გადაღება შსს-ს არქივის ხელმძღვანელების მიერ მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ისტორიკოსებმა და მკვლევარებმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი და აქამდე უცნობი გარემოება აღმოაჩინეს.
შსს-ს არქივის მიერ გადაღებული მხატვრულ-დოკუმენტური კინოფილმის ჩვენება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომავალშიც არის დაგეგმილი. შემდეგი ჩვენება სამეგრელოში, ზუგდიდში გაიმართება.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=UAHcWZqZqrc&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]