თენგიზ შერგელაშვილი და ირაკლი მელაშვილი ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

   საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი მელაშვილი და ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დირექტორი გიორგი ტოკლიკიშვილი ოფიციალური ვიზიტით კვიპროსში იმყოფებიან.
ვიზიტის ფარგლებში, ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორინგის სხდომა უნდა გაიმართოს. დელეგაცია უკვე შეხვედა ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის კონგრესის სამდივნოს ხელმძღვანელს, ანდრეს კიფერს და მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარეს, ლარს ო’მოლინს. შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ კონგრესის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოში მიმდინარე ადგილობრივი თვითმართველობის რეფორმის ძირითადი მიმართულებები, ასევე, ახლად მიღებული ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ძირითადი სიახლეები.
ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა გამოთქვეს ინტერესი საქართველოში მიმდინარე რეფორმის საკითხებზე და გამოხატეს მზადყოფნა ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში მიმდინარე რეფორმის მხარდაჭერის კუთხით. დღესვე თენგიზ შერგელაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის მიმდინარე რეფორმის დეტალების შესახებ ანგარიშით წარდგება ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, ევროპულ ქარტიასთან ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისობა იქნება განხილული. სიტყვით გამოსვლისას თენგიზ შერგელაშვილი საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის მდგომარეობასა და თვითმმართველობის ახალი კოდექსით განსაზღვრულ სიახლეებზე ისაუბრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები