კვლევა: გინება ადამიანებს ფიზიკური დავალებების უკეთ შესრულებაში ეხმარება
ჟურნალში „ამერიკელი ფსიქოლოგი“ გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, გინება ადამიანებს ფიზიკური დავალებების უკეთ შესრულებაში ეხმარება.
კვლევის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ გინება მათ უფრო თავდაჯერებულსა და კონცენტრირებულს ხდის.
„გინება ადვილად ხელმისაწვდომი გზაა, რათა თავი კონცენტრირებულად, თავდაჯერებულად და ნაკლებად გაფანტულად იგრძნოთ. გინებით ჩვენ ვარღვევთ სოციალურ შეზღუდვებს და საშუალებას ვაძლევთ საკუთარ თავს, უფრო მეტად ვიმოქმედოთ სხვადასხვა სიტუაციაში“, – განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა, დიდი ბრიტანეთის კილის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის უფროსმა ლექტორმა, რიჩარდ სტივენსმა.
კვლევის ფარგლებში, ორ ცალკეულ ექსპერიმენტში, 192 მონაწილეს სთხოვეს, სკამზე აზიდვების შესრულებისას ყოველ ორ წამში ერთხელ გაემეორებინათ ან მათთვის არჩეული გინება, ან ნეიტრალური სიტყვა.
შემდეგ მკვლევრებმა მონაწილეებს სთხოვეს, ეპასუხათ კითხვებზე დავალების შესრულების დროს, მათი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ – მაგალითად, რამდენად კონცენტრირებულები ან თავდაჯერებულები იყვნენ, ან რამდენად სასაცილოდ მოეჩვენათ სავარჯიშო.
საერთო ჯამში, მათ, ვინც იგინებოდა, სხეულის წონის აწევა გაცილებით დიდხანს შეძლეს, ვიდრე მათ, ვინც ნეიტრალურ სიტყვას იმეორებდა.
“გინება კალორიულად ნეიტრალური, ნარკოტიკებისგან თავისუფალი, დაბალფასიანი, ადვილად ხელმისაწვდომი ინსტრუმენტია, რომელიც ჩვენს განკარგულებაშია, როდესაც შესრულების გაუმჯობესება გვჭირდება”,- ნათქვამია კვლევაში.