„არავის ვუსურვებ იმას, რაც საქართველოს მოსახლეობამ 7 ნოემბერს განიცადა“
„7 ნოემბერი და მსგავსი ქმედებები არის ნებისმიერი ხელისუფლების დამარცხების საწინდარი, 7 ნოემბერმა მნიშვნელოვანწილად განაპირობა წინა ხელისუფლების მარცხი“, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა თამარ კორძაიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
„ არცერთ ვითარებაში საქართველოს მოსახლეობას არ ვუსურვებ, ასეთი რამის გამეორებას. ასეთი ქმედებები არის ნებისმიერი ხელისუფლების დამარცხების საწინდარი, 7 ნოემბერმა მნიშვნელოვანწილად განაპირობა წინა ხელისუფლების მარცხი. არცერთ მოქალაქეს არ ვუსურვებ იმას, რაც 7 წლის წინ განიცადა, არცერთ მედიასაშუალებას არ ვუსურვებ, რაც 7 ნოემბერს „იმედს“ დაემართა. იმედი მაქვს, არცერთი ხელისუფლება საქართველოში მსგავს შეცდომებს არ დაუშვებს“,- განაცხადა თამარ კორძაიამ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის საპროტესტო აქციები, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით, 2007 წლის 3 ნოემბერს დაიწყო. 2007 წლის 7 ნოემბრისთვის ოპოზიციამ პარლამენტის შენობასთან “კარვების ქალაქის” გაშლა დააანონსა. პარალელურად, თბილისში არსებულ სახელმწიფო დაწესებულებებთან “სირცხვილის კორიდორების” მოწყობა გრძელდებოდა. აქცია პოლიციის მიერ მისი მონაწილეთა დაშლით, ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით, ტელეკომპანია “იმედში” სპეცრაზმის შეჭრითა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით დასრულდა.
პოლიტიკური კრიზისის საპასუხოდ მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.