„მთავრობის პროდასავლურ კურსზე სიტყვებზე მეტად საქმეები მეტყველებს“

საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას პარლამენტის უმრავლესობის წევრი, თამარ კორძაია საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.
კორძაიას განცხადებით, აშშ-ს განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ქვეყნის პროდასავლური კურსი ეჭვს არ იწვევს, თუმცა, დეპუტატის განცხადებით, ამ კუთხით კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმესაც შეეხო. მისი თქმით, ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა, რომ თუნდაც სასამართლოს ეტაპზე საქმე საზოგადოებისთვის გაიხსნას.
„აშშ -ს მიერ გაკეთებული შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია. განცხადებაში ხაზი გაესვა იმას, რომ ქვეყნის პროდასავლური კურსი ეჭვებს არ იწვევს, თუმცა საქმეები სიტყვებზე მეტად მეტყველებს და აუცილებელია ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით კიდევ უფრო თვალსაჩინო გავხადოთ ევროპისკენ სვლის პროცესი. მართალია, ჩვენ მივაღწიეთ ასოცირებას, მაგრამ ამის შემდგომი პროცესები კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს ჩვენგან. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროში რამდენიმე საქმის ერთდროულად გამოძიებას, ბუნებრივია, რომ ეს ეჭვს იწვევს, როდესაც საქმე თავდაცვის სამინისტროს და მის თანამშრომლებს ეხება, ეჭვის აღმძვრელი იქნებოდა არათუ რამდენიმე, არამედ ერთი საქმეც კი. რამდენადაც ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ პრემიერმა სურვილი გამოთქვა, საქმეს გრიფი მოეხსნას, მე მხარს ვუჭერ და მივესალმები აღნიშნულ გადაწყვეტილებას. ძალიან კარგი იქნება, თუ სასამართლოს ეტაპზე მაინც გასაჯაროვდება აღნიშნული საქმე და ამით ყველა ეჭვსა და კითხვას პასუხი გაეცემა“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
პრემიერის მიერ ალასანიასა და მისი მოადგილეების დათხოვნას, ასევე საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრების გადადგომას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმაურება.
„რეგიონული არეულობისა და შიდა ეკონომიკური გამოწვევების დროს საქართველოს ინტერესებშია, მოახდინოს სტაბილურობის, ერთიანობის, პროცესების სათანადოდ წარმართვის, სამართლის უზენაესობისადმი ერთგულებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების რწმენის დემონსტრირება. “მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმუშაონ ამ მიზნის მისაღწევად და ფოკუსირება მოახდინონ საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის უზრუნველყოფაზე”, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას ასევე მოუწოდებს, გააქარწყლოს მოსაზრება, რომ სასამართლო სისტემის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით ხდება და ვაშინგტონთან საერთო დემოკრატიული ღირებულებების ერთგულების დემონსტრირება მოახდინოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები