„როგორ დაამტკიცონ, რომ არ ცვლიან პოლიტიკურ კურსს, დედა დაიფიცონ?”

პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის გაკეთებულ მიმართვას გამოეხმაურა.
არეშიძის შეფასებით, სწორია, როცა პრეზიდენტი ცდილობს, მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული მედიატორის როლი შეასრულოს, თუმცა პრაქტიკული კუთხით ვერ ხედავს ფორმას, თუ როგორ უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა თავისი პროდასავლურობა.
„ პრეზიდენტის სურვილი, რომ ამაში ჩაერიოს და გარკვეული მედიატორის როლი შეასრულოს, სწორია. მაგრამ ეს როგორ უნდა მოხდეს, ვერ ვხვდები. დედა უნდა დაიფიცონ, რომ არ ცვლიან კურსს? ყველაფერზე ადამიანების საქმეები მიგვანიშნებს. მე დღევანდელ ხელისუფლებას ნამდვილად ვერ ვატყობ, რომ მათ სურთ, ქვეყნის პროდასავლური კურსი შეცვალონ. თუმცა ზედმეტობა არაფერში ვარგა და ზედმეტად „პრო“ არაფერში არ უნდა იყო. პროქართული უნდა იყო, პირველ რიგში საქართველოს ინტერესებიდან უნდა გამოხვიდე. ვარიაციებია შესაძლებელი. პოლიტიკა არის ვაჭრობის ხელოვნება“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობასა და პარლამენტს საგანგებოდ მიმართა. მარგველაშვილმა მთავრობას მოუწოდა, უახლოეს სხომაზე განიხილოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ახალი სტრატეგიული პაკეტის იმპლემენტაციის ეფექტურობის საკითხი.ამასთან, მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ სხდომას ის და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანიც დაესწრებიან. პარლამენტს კი პრეზიდენტი მიმართავს თხოვნით, უახლოესი სხდომის დღის წესრიგში ჩასვას მისი ამასწინანდელი მიმართვა მმართველი გუნდისა და მოსახლეობისადმი.
„ჩვენი ქვეყნის პოლიტიკოსები ბედნიერები ვართ, ვემსახუროთ ერს, რომელსაც ძალიან მტკიცე არჩევანი გააჩნია, ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის არჩევანი. ამ არჩევანის მსახური დიდი პატივია თითოეული ჩვენგანისთვის. მიმაჩნია, რომ რეალურად, ამ კურსის შეცვლა შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია, დაისვას კითხვა, რამდენად ეფექტურად ვემსახურებით ჩვენ – თითოეული ჩვენგანი ერის ამ მტკიცედ გამოხატულ ნებას“, – განმარტა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები