„ბეთაშვილის დაკავება მიტოვებს განცდას, რომ ეს პროკურატურის მხრიდან დემარში იყო“
„შეცდომები იყო როგორც ალასანიას, ისე მეორე მხარის მხრიდან, თუმცა პროკურატურის საქციელი დემარშის განცდას მიტოვებს“, – აღნიშნული განცხადება პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
პოლიტოლოგს ორივე მხარე უტოვებს შეგრძნებას, რომ ისინი გარკვეულ ინფორმაციას მალავენ. მისი თქმით, „თავისუფალი დემოკრატები“ ქვეყნის პროდასავლური კურსის საფრთხეებზე განცხადებას რაიმე საფუძვლის გარეშე არ გააკეთებდნენ. არეშიძემ ალასანიას პოლიტიკური ნაბიჯებიც დაუწუნა და მის შეცდომაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ალასანიასთვის ბევრად მომგებიანი იქნებოდა, თუ ის პირველივე განცხადების შემდეგ საკუთარი სურვილით გადადგებოდა თანამდებობიდან.
„თავისუფალი დემოკრატების“ განცხადება, რომ ქვეყნის პროდასავლურ კურსს საფრთხე ემუქრება, არ მგონია, რაიმე საბუთის გარეშე ყოფილიყო გაკეთებული. ჩვენ არ ვიცით, რატომ იყო წასული საფრანგეთსა და გერმანიაში ირაკლი ალასანია და რა მიზნით შედგა ვიზიტი. ირაკლი ალასანია საკუთარ თავს და პარტიას აიგივებს პროდასავლური კურსის ერთადერთ გამტარებელთან. მე ვერ ვხედავ, რომ საქართველოში ამ კურსს საფრთხე ემუქრება. ირაკლი ალასანიამ პოლიტიკურ კარიერაში შეცდომა დაუშვა, როდესაც პირველივე განცხადების დროს არ გადადგა. ამ შემთხვევაში ის, როგორც პოლიტიკური ფიგურა, ბევრად მომგებიან მდგომარეობაში იქნებოდა“.
არეშიძის თქმით, პროკურატურის ქმედებები მასში გარკვეულ ხელოვნურობას აღძრავს. ექსპერტმა პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე წარმომადგენლის დაკავების გამოც გააკრიტიკა. მისი თქმით, დაკავებულთა შორის ძალიან წესიერი ადამიანი და ომის ვეტერანიც მოხვდა.
„ რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროში არსებულ დარღვევებს, საქმე, რომელიც ეხება ჯარისკაცების კვებას, სამხედრო პოლიციის მიერ კარგა ხნის წინ იყო გამოძიებული და გადაგზავნილი იყო პროკურატურაში. ამ საქმის ახლა გამომზეურება მე ერთგვარი ხელოვნურობის განცდას მიჩენს. ბეთაშვილის დაკავება მიტოვებს განცდას, რომ ეს გარკვეული დემარში იყო პროკურატურის მხრიდან. ბეთაშვილი გახლავთ მამია ალასანიასთან ერთად დახვრეტილი ჯუმბერ ბეთაშვილის ქალიშვილი. დაკავებულია კიდევ ორი სამხედრო პირი კავშირგაბმულობის სამსახურიდან, მათ შორის ერთია კაიშაური. კაიშაური არის საქართველოს ყველა ომის ვეტერანი და უაღრესად წესიერი ადამიანი. კავშირგაბმულობის თანამშრომლებს კაბელების საქმესთან რა ხელი უნდა ჰქონოდათ, ჩემთვის გაუგებარია. შეცდომები არის ძალიან სერიოზული როგორც ალასანიას, ისე მეორე მხარის მხრიდან, მაგრამ ამას ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი არ უნდა გადაჰყვეს“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.