„არ უნდა დაგვავიწყდეთ ვანო მერაბიშვილის შეძახილი – „ბადრის რაო?!“
პარლამენტის უმრავლისობის წევრი თინა ხიდაშელი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. როგორც დეპუტატმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პოლიტიკის დროში“ განაცხადა, უკრაინაში პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის რეჟიმი დამარცხდება და იქ თავისუფლების მოყვარული ხალხი გაიმარჯვებს. თინა ხიდაშელმა კიდევ ერთხელ გაიხსენა საქართველოში განვითარებული 7 ნოემბრისა და 26 მაისი აქციები და ის უკრაინის ამჟამინდელ მოვლენებს შეადარა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ კიევში მოვლენები ასე დრამატულად ვითარდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მსოფლიოში არსად, ევროპის კონტინენზე მაინც არსად აღარ იქნება ისეთი ქვეყნები, სადაც საკუთარ მოსახლეობას, ასე გაუსწორდებიან. საქართველომ ეს შესაძლებელი გახადა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შესაძლებელი უკრაინაშიც გახდება. როდესაც ვანო მერაბიშვილზე ვსაუბრობთ, არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ის კაცია, რომელმაც „7 ნოემბერს“ უსასტიკესად დარბეულ მანიფესტაციზე გაიარა შეძახილებით ბევრ ადამიანთან ერთად, „ბადრის რაო! “ – ყველას გვახსოვს ალბათ. ეს ის ადამიანია, რომელიც „26 მაისის“ აქციის დარბევისას სასამართლო დარბაზში იმყოფება. ასეთი რეჟიმები ყველგან მარცხდება. აუცილებლად დამარცხდება იანუკოვიჩის რეჟიმიც და იქ თავისუფლების მოყვარული ხალხი გაიმარჯვებს“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პოლიტიკის დრო“ ქუთაისის საქლაქო სასამართლოში „დასაქმების საქმეზე“ გამოტანილ გადაწყვეტილებას დაეთმო. სტუდიის სტუმარმა, კახეთის ყოფილი გუბერნატორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მოსამართლის გადაწყვეტილება და საქმეში მოყვანილი მტკიცებულებები აბსურდულად შეაფასა.