„მოვუწოდებ ყველა პარტიას, თავი შეიკავონ ძალადობისგან“
ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი უკრაინაში ძალადობის განახლებით შეშფოთებას გამოთქვამს და ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადებას აქვეყნებს.
“სერიოზულად შეშფოთებული ვარ უკრაინაში ძალადობის განახლებით და კიევში დაღუპულთა შესახებ გავრცელებული ცნობებით. მოვუწოდებ ყველა პარტიას, თავი შეიკავონ ძალადობისგან და სასწრაფოდ განაახლონ დიალოგი, საპარლამენტო პროცესის ჩათვლით”, – ნათქვამია ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებაში, რომელიც ნატოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
უკრაინაში დღეს მომხდარი შეტაკებების შედეგად დაღუპულია რამდენიმე ადამიანი. სხვადასხვა წყაროებით, გარდაცვლილთა შორის 6 დემონსტრანტი და ორი პოლიციელია, ერთი კი პარტია “რეგიონების” წარმომადგენელი. დაშავებულია ასობით დემონსტრანტი, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადებს საავადმყოფოებში ამ დრომდე გადაჰყავთ. ამასთანავე, უკრაინული მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა.