კონსტანტინე გამსახურდია: პარადოქსია საკითხის ასე დაყენება – პიროვნებას ხელს ახლებ და ევროინტეგრაციას ხელყოფ
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია მინისტრების გადადგომის ფაქტს ეხმაურება. როგორც გამსახურდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, პარადოქსია საკითხის ასე დაყენება – პიროვნებას და პიროვნებათა ჯგუფს ხელს ახლებ და ამით პროცესს, კონკრეტულ შემთხვევაში “ევროინტეგრაციას” ხელყოფ.
გამსახურდია თავდაცვის ყოფილ მინისტრებსაც იხსენებს და აღინიშნავს, რომ მათაც, ალასანიას მსგავსად, თანამდებობის დატოვება მოუხდათ.
„ალექსი პეტრიაშვილის განცხადებამ გადადგომამდე არცთუ უშორეს წარსულში გადამტყორცნა, როდესაც მაღალი ტრიბუნიდან სსრკ-ს ბოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართული გვარით და ყურს რომ ჭრიდა, ისეთი დასავლურ-ქართულ-აქცენტიანი რუსულით წარმოთქვა: “დიქტატურა ნასტუპაეტ… ნე რუგაეტე მენია”. რაც შეეხება ირაკლი ალასანიას გამოსვლას, იქ ყველა აქცენტს თავისი ადგილი ჰქონდა მიჩენილი. იყო კრიტიკულიც, კოოპერატიულიც და კონსტრუქტიულიც, ისიც ჩანდა, რომ სხვა გზა არა აქვს. თავისთავად პარადოქსია საკითხის ასე დაყენება – პიროვნებას და პიროვნებათა ჯგუფს ხელს ახლებ და ამით პროცესს, კონკრეტულ შემთხვევაში “ევროინტეგრაციას” ხელყოფ. არა, ეს რა ჩამორჩენილობაში ვტოპავთ მაინც, თუკი ეს, მართლაც, ასეა.
რატომღაც ვფიქრობ, ბედისწერად ხომ არ ექცა პოსტსაბჭოთა საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადადგომა: გავიხსენოთ თენგიზ კიტოვანი, თავდაცვის მინისტრობის პრეტენდენტი – გადადგა და წავიდა რკონში. მერე იცით. გიორგი ყარყარაშვილი. მინისტრი – გადადგომის წინ ტანკებიც შეიყვანა უშიშროების სამინისტროს ეზოში, რომელთაც გაისროლეს, მერე იცით. ირაკლი ოქრუაშვილი, მინისტრი, გადადგა და მერე მოუწია ხმაურიანი ტელეჩართვებით ევროპიდან ახალ-ახალი იმპულსების მიცემა აქციებისთვისაც და სკანდალებისთვისაც.
არა, ღმერთმანი, ირაკლი ალასანია ამათზე გაცილებით პოზიტიური და ცივილიზებული სახეა, რა შედარებაა. თავად მე ქართულზე არანაკლებ ევროპულ კულტურაზე გავზრდილვარ. პოლიტიკურადაც იმთავითვე ეს ორიენტაცია მიკავია და პუტინის რუსეთის მხრიდან იარაღის ლესვას შეშფოთებით და განგაშის განწყობილებით შევყურებ. მომკალით და მაინც ყურს მჭრის ყველაფრის ტოტალურ საზომად და კრიტერიუმად ერთი მაგიური სიტყვის გამოცხადება – ესაა “ევროატლანტური ინტეგრაცია”. არ ვიცი, რამდენჯერ იხმარა იგი გამომსვლელმა. იგი თითქოს ძველაღთქმისეული იეღოვასავითაა – ყველაფერს თავისთავად მოაგვარებს, გადაჭრის, თავის ადგილზე დაალაგებს, იგი თითქოს პანაცეაა. და ვინც ასე არ ფიქრობს, როგორც მინიმუმ, პასიური “ევრაზისტი” ხომ გამოდის? ჰოდა, ამ მოცემულობის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ აჯობებდა, მაიდანიზაციას მაინც ავცდენილიყავით, ჩვენ ასეთი მასშტაბის გახლეჩვას შესაძლოა, ვეღარ გავუძლოთ“, – წერს კონსტანტინე გამსახურდია.