"საჭიროა მრეწველობის განვითარება“

  სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარების დონე კვლავ პრობლემად რჩება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც პრემიერმა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” საქართველოს ეკონომიკური ზრდის გამოწვევებთან დაკავშირებულ ფორუმზე განაცხადა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სოფლის მეურნეობის სექტორის პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის.
“საჭიროა როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების, ისე მასთან დაკავშირებული გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარება. სამწუხაროდ, დღეს არასათანადოდაა განვითარებული საირიგაციო და სადრენაჟო ინფრასტრუქტურა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, თანამიმდევრულად უნდა განვითარდეს ექსპორტი ახალი ბაზრების წვდომის თვალსაზრისით. “კერძოდ, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში არ იძლევა არსებული პრეფერენციული რეჟიმების ეფექტიანად გამოყენების საშუალებას. იმის გამო, რომ არ არსებობს დამხმარე ინფრასტრუქტურა, პოტენციურ საექსპორტო ბაზრებზე არა აქვთ საკმარისი ინფორმაცია და არ იცნობენ ქართულ საქონელს. იმისათვის, რომ ქართულმა პროდუქციამ შეაღწიოს ზოგიერთ ბაზარზე, საჭიროა არსებობდეს უკეთესი სავაჭრო რეჟიმები. ისიც ფაქტია, რომ არასათანადო სავაჭრო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა ზრდის ექსპორტირების ხარჯებს”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები