სკოლის მოსწავლე მკვლელობამდე სასტიკად აწამეს
დონეცკის ოლქში, მაკეევკაში, მიტოვებული მშენებლობის ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლის გვამი იპოვეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, გოგონას წამების კვალი აღენიშნებოდა.
პოლინა საპეგა 14 წლის იყო. მისი მშობლები შეძლებულად ცხოვრობდნენ. შაბათს გოგონა პურის საყიდლად მაღაზიაში გავიდა და დაიკარგა. მას მეგობრები, ნათესავები და მილიცია ეძებდა. მომდევნო დღეს გოგონას გვამი მიტოვებულ მშენებლობაზე, სახლიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით იპოვეს. როგორც გაირკვა, გოგონა ჯერ გაძარცვეს, შემდეგ კი მოკლეს. ბებიის თქმით, პოლინა სასტიკად ნაწამებიც იყო, მას თვალებში დიდი ჯოხი ჰქონდა ჩარჭობილი. მიტოვებული მშენებლობის ტერიტორია, სადაც პოლინას გვამი იპოვეს, არაერთი დანაშაულის ადგილი გამხდარა და მოსახლებას დღისითაც ეშინია იქ გავლის, თუმცა გზა, რომელიც მშენებლობის გვერდზე ჩადის, ერთადერთი მისასვლელია საცხოვრებელ კორპუსებამდე.
ხელისუფლების წარმომადგენლები ამ სიტუაციის გამოსასწორებლად ვერაფერს აკეთებენ, რადგან მშენებლობას კერძო მესაკუთრე აწარმოებს. ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეორე დღესვე დააკავეს. მას განზრახ მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ.