ირაკლი ალასანია: ვიზიტი წარმატებული იყო ჩვენი მთავრობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის

  საქართველოს თავდაცვის მინისტრი საფრანგეთსა და გერმანიაში ვიზიტს წარმატებულად მიიჩნევს.
თავდაცვის მინისტრი საფრანგეთში სამუშაო და გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ალასანია ფრანგ და გერმანელ კოლეგებს შეხვდა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვიზიტის მნიშვნელობა შეაფასა.
“ჩვენი ქვეყნისთვის ეს ორი ვიზიტი საფრანგეთსა და გერმანიაში, იყო ძალიან მნიშვნელოვანი. გარდა იმისა, რომ ორმხრივ თანამშრომლობაში ახალი დინამიკაა, ჩვენ მივაღწიეთ გარკვეულ შეთანხმებებს საფრანგეთში, მივაღწიეთ შეთანხმებებს სამხედრო ინდუსტრიასთან, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობას აამაღლებს. ეს იყო, როგორც თავდაცვის მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში. აქედან გამომდინარე, შეთანხმებები იქნება ძალიან დიდი სარგებლობის მომტანი ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვისაც, სამხედრო განათლების და საქართველოს ნატოსთან სრული თავსებადობის მიღწევის კუთხით. ასე რომ, ორივე ვიზიტი შეიძლება შეფასდეს, როგორც წარმატებული ჩვენი მთავრობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ირაკლი ალასანია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან საქართველოში გამთენიისას დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები