რუსეთი მზად არის, უკრაინას 2 მილიარდი დოლარი გადაუხადოს
რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა დაადასტურა, რომ მოსკოვი მზად არის, ამ კვირაში უკრაინას 2 მილიარდი დოლარის დახმარების ახალი ტრანში გამოუყოს.
დეკემბერში მოსკოვი კიევს ქვეყნის დასუსტებული ეკონომიკის აღდგენისთვის 15 მილიარდი დოლარის გადახდას დაპირდა, თუმცა ქვეყანამ ჯერჯერობით მხოლოდ 3 მილიარდი მიიღო. უკრაინის პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ რუსეთმა მიანიშნა, რომ კრედიტს მანამდე გაყინავს, ვიდრე კრედიტის ახალი ტრანში შესამჩნევად გაამყარებს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის პოზიციებს, რომელიც ოპოზიციის დიდ წინააღმდეგობებს გადააწყდა. თავის მხრივ, ოპოზიციას პარლამენტში 2004 წლის კონსტიტუციის დასაბრუნებლად ხმის უფლების მოპოვება სურს, რაც იანუკოვიჩის უფლებამოსილებას შეზღუდავს და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას შესაძლებელს გახდის. ამ მიზნით აქტივისტები კიევში ახალ მასობრივ აქციებს ამზადებენ, თუმცა, პრეზიდენტის მხარდამჭერი პარლამენტარები უმრავლესობაში არიან და, სავარაუდოდ, პრეზიდენტის ძალაუფლების შეზღუდვის წინააღმდეგ ნებისმიერ მცდელობას აღკვეთენ.
საპროტესტო ტალღა უკრაინაში ნოემბერში აგორდა, როდესაც იანუკოვიჩმა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ზონასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებზე უარი თქვა. ამის ნაცვლად მან რუსეთთან კრედიტზე გამართა მოლაპარაკებები. მოსკოვს კი სურდა, რომ კიევი, ყაზახეთთან და ბელორუსიასთან ერთად, საბაჟო კავშირს შეერთებოდა. ევროკავშირი და რუსეთი ერთმანეთს უკრაინის საშინაო საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ.