ზურაბ ქადაგიძე – მაკა ბოჭორიშვილს: რამდენად აქტიურად ახერხებენ ჩვენი დიპლომატები ადგილობრივი დიასპორის ბიზნესრესურსის მობილიზებასა და ქართული ექსპორტის მხარდაჭერას?

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის” წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ დასვა შეკითხვა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის წესით გამოსვლა მოისმინეს. ქადაგიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს საელჩოების მუშაობაზე ეკონომიკური დიპლომატიის კუთხით. დეპუტატი დაინტერესდა, არსებობს თუ არა კონკრეტული ინდიკატორები, რომლებიც ზომავს დიპლომატების მუშაობას ამ თვალსაზრისით:

„პირველ რიგში, წარმატებას გისურვებთ, გამომდინარე იქიდან, თუ როგორ ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ ვითარებაში უწევს ჩვენს ქვეყანასა და განსაკუთრებით თქვენ, ამ ფლანგის მედროშეს, ყოფნა. მე კონკრეტული საკითხი მაინტერესებს: ყველა ვთანხმდებით, რომ საელჩო არ არის მხოლოდ პოლიტიკური წარმომადგენლობა და ის უნდა იყოს ჰაბი, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ ქართულ ინტელექტუალურ კაპიტალს, აქტიურად ეხმარება ჩვენს დიასპორულ ორგანიზაციებს და იყენებს მათ რესურსებს ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, ეხმარება ქართულ ბიზნესსაც ადგილობრივ ბაზარზე გასვლაში და ცდილობს მოიზიდოს ახალი ინვესტიციები ქვეყნაში. შესაბამისად, კითხვაც აქედან გამომდინარე მინდა დაგისვათ: როგორ ფასდება დღეს ჩვენი საელჩოების მუშაობის ეფექტურობა ეკონომიკური დიპლომატიის კუთხით? არსებობს თუ არა კონკრეტული ინდიკატორები ან სისტემები, რომლებიც ზომავს, თუ რამდენად დაეხმარა ესა თუ ის საელჩო ქართულ ბიზნესს ადგილობრივ ბაზარზე გასვლაში? თუ ამგვარი ინდიკატორები არ არსებობს, იქნებ რაიმე სისტემა იქნას მოფიქრებული, ე.წ. ინდიკატორების შეფასების სისტემა, თუნდაც KPI-ის მსგავსი, რომელიც დიპლომატების საქმიანობას პირდაპირ დაუკავშირებს ეკონომიკურ შედეგებს ციფრებში? რამდენად აქტიურად ახერხებენ ჩვენი დიპლომატები ადგილობრივი დიასპორის ბიზნეს რესურსის მობილიზებას და, ზოგადად, ქართული ექსპორტის მხარდაჭერას? ქვეყანაში ინვესტიციების მოსაზიდად რამდენად მუშაობენ ჩვენი საელჩოები და როგორაა ეს ასახული რიცხვებში?”

მაკა ბოჭორიშვილმა დეპუტატის საპასუხოდ განაცხადა, რომ საელჩოებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობაა და ამ მხრივ აქტიურობაზე მეტყველებენ ციფრებიც. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ეს მხოლოდ საელჩოების მოსაგვარებელი საკითხი არაა და ცენტრალური ხელისუფლება მათთან ერთობლივ საქმიანობას ახორციელებს ამ მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები