CENTCOM: აშშ-მა ირანის პორტების ბლოკირებისთვის სხვადასხვა ლოკაციაზე 10 000-ზე მეტი ჯარისკაცი განალაგა
აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის საზღვაო პორტების ბლოკადის აღსასრულებლად, სხვადასხვა ლოკაციაზე, 10 000-ზე მეტი ჯარისკაცი, ასევე 10-ზე მეტი გემი და რამდენიმე ათეული თვითმფრინავი განალაგეს.
ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებაშია ნათქვამი.
“10 000-ზე მეტი ამერიკელი მეზღვაური, საზღვაო ქვეითი და მფრინავი, ასევე ათზე მეტი გემი და ათობით თვითმფრინავი ასრულებს მისიას, რათა სატვირთო გემებს, ირანის საზღვაო პორტებში შესვლაში ხელი შეუშალოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
სარდლობამ დასძინა, რომ აშშ-ის სამხედროების მითითებით, ბლოკადის გამოცხადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში, სულ მცირე, ექვსმა სავაჭრო გემმა კურსი შეცვალა და პორტში დაბრუნდა.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ბლოკადა ვრცელდება ყველა გემზე, დროშის მიუხედავად.
მანამდე, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ირანის პორტები წარმატებით დაბლოკეს.