მინდია ჯანელიძე: ე.წ. გასაღებების მობილური ოპერატორებისთვის გადაცემა უდიდესი რისკის შემცველია

 

    ე.წ. გასაღებების მობილური ოპერატორებისთვის გადაცემა უდიდესი რისკის შემცველია – ამის შესახებ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებული მოვლენების შეფასებისას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ განაცხადა.
მინდია ჯანელიძის განცხადებით, მუდმივ მიერთებასთან დაკავშირებით ერთიანი ევროპული სტანდარტი არ არსებობს. მისივე თქმით, საჭიროა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც არ შეუქმნის საფრთხეს ქვეყნის უსაფრთხოებას და პრობლემებს სამართალდამცველებს.
„ქვეყანას უსაფრთხოების კუთხით, როგორც შიგნით, ისე გარეთ, უამრავი გამოწვევა აქვს. არ მიმაჩნია, რომ ფარული მოსმენების ე.წ. გასაღები უნდა იყოს მობილური ოპერატორების ხელში, რომლებიც უცხო ქვეყნებს წარმოადგენენ, ეს უდიდესი რისკის შემცველია. ჩვენ არ ვიცით კომპანიების შიდა რეგულაციები, არ ვიცით, როგორ შეიძლება იყოს დაცული სახელმწიფო საიდუმლოება, არ ვიცით, როგორ იქნება დაცული უსაფრთხოება და ა.შ. მთელი რიგი კითხვაა ამასთან დაკავშირებით, რომლებზე პასუხებსაც თავად ოპერატორებიც ვერ გვცემენ. ოპერატორების აბსოლუტური უმრავლესობა წინააღმდეგია იმის, რომ ე.წ. გასაღები იყოს მათ ხელში. ეს საკითხი მოითხოვს დამატებით მსჯელობას, ანალიზს და გადაწყვეტას”, – განმარტა მინდია ჯანელიძემ. მისივე თქმით, ამ საკითხის დარეგულირება და დაბალანსებული, სწორი გადაწყვეტილების მიღება ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„დრო, რომელიც პრეზიდენტმა რეგულაციების დასადგენად პარლამენტს მისცა, მცირეა, თუმცა, ამ ერთი თვის განმავლობაში ყველამ, ვისაც ამ საკითხთან შეხება გააჩნია, უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები და უნდა ჩაეტიოს ამ დროში“. – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის მდივანმა.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში აცხადებენ, რომ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, გასულ და განსაკუთრებით მიმდინარე წელს აქტიური, კოორდინირებული მუშაობა მიმდინარეობდა როგორც საპარლამენტო კომიტეტებთან, ისე შესაბამის უწყებებთან, რაც წინგადადგმული ნაბიჯია საგამოძიებო მოქმედებების რეგულაციების თვალსაზრისით. მუშაობას კოორდინაციას უწევდა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო. რეგულაციებით დადგინდა პირთა წრე, ვის მიმართ და რა დანაშაულის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს ფარული მოსმენები, რაც ადრე არ არსებობდა. აღნიშნულმა ცვლილებებმა ევროპელი პარტნიორების, ექსპერტების მხრიდან მაღალი შეფასება მიიღო. კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა მხოლოდ მუდმივი მიერთების თემაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები