პოლიციამ დუშეთში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი – 2000 წელს დაბადებული ა.გ. დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დუშეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, მრავლობითი დაზიანება მიაყენა – 1985 წელს დაბადებულ მ.ქ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.გ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები