ქალი, რომელმაც კარადაში თავი ჩამოიხრჩო, მუქარის მსხვერპლი აღმოჩნდა – რას ჰყვება დავითიძის მამა
აჭარაში სამებაში გარდაცვლილ ქალს მეუღლის ოჯახის წევრები ძმის მოკვლით ემუქრებოდნენ, – აღნიშნულის შესახებ გარდაცვლილის მამა გურამ დავითაძე საუბრობს. როგორც მადონა დავითაძის მამა აცხადებს, მას სიძის ოჯახთან ურთიერთობა არ ჰქონდა.
მისივე თქმით, ერთხელ ოფიციალურად იყო მცდელობა, რომ შვილი იმ ოჯახიდან წამოეყვანათ, თუმცა, გოგონამ წამოსვლაზე უარი განაცხადა.
გარდაცვლილ მადონა დავითაძის მამის, გურამ დავითაძის განცხადებით, გოგონას აშინებდნენ და მას ძმის მოკვლით ემუქრებოდნენ, თუ ის ქმრის ოჯახიდან წამოვიდოდა. მისი თქმით, ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ აიძულა მისი შვილი, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, სამების დასახლებაში 22 წლის ქალი კარადაში ჩამომხრჩვალი იპოვეს. მას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.