„თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე გრიფი არ უნდა დადებულიყო“
საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა დაკავებას საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია გამოეხმაურა.
მაისაიამ დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეზე გრიფის დადების გამო პროკურატურა და თავდაცვის სამინისტრო გააკრიტიკა, მისი განმარტებით, აღნიშნული საქმე არ ეკუთვნის იმ ტიპის საქმეთა რიცხვს, რომელსაც შესაძლებელია, რომ გრიფი დაედოს.
„კაბელების შესყიდვის საქმე არ არის ის , რომელზეც გრიფი უნდა დადებულიყო. არსებობს ორი ტიპის ტრანსაქცია, – სამხედრო და არასამხედრო დანიშნულების. აღნიშნული ხელშეკრულება მხოლოდ ლოჯისტიკური ხასიათის იყო. ასეთი ტრანსაქციებზე გრიფი „საიდუმლო“ არ იდება ხოლმე. ეს რომ ყოფილიყო სამხედრო დანიშნულების საქმე, ყოფილიყო სპეცტექნიკის უზრუნველყოფა და სხვა, ამ ტიპის ქმედებებზე უნდა დაედოს გრიფი. ასეთი ტიპის საქმეზე გრიფის დადება ერთგვარ ეჭვებს იწვევს“, – განაცხადა მაისაიამ.
მაისაიას განცხადებით, ასეთ შემთხვევაში გრიფის დადების წესს თავდაცვის მინისტრი არეგულირებს, თუმცა, მისი თქმით, გრიფის საჭიროება აღნიშნულ საქმეზე გაუგებარია. მაისაიამ სამინისტროსთან ერთად პროკურატურაც გააკრიტიკა. მისი თქმით, პროკურატურა აღნიშნულ საქმეზე ადვოკატებსაც კი არ აძლევს მასალების სრულად გაცნობის საშუალებას.
„მგონია, რომ ეს თავდაცვის მინისტრის დონეზე გაკეთდა. ის არის პოლიტიკური ფიგურა, ასეთი დონის ოპერაციებზე ის ახორციელებს ბრძანებულების შესაბამის გაფორმებას. გრიფიდან გამომდინარე, პროკურატურა იმაზე არ საუბრობს, თუ საიდან მოხდა ამ საქმით დაინტერესება და გამოძიების დაწყება. პროკურატურა ამ საქმის ადვოკატებსაც კი საშუალებას არ აძლევს, მასალებს სრულად გაეცნონ. პროკურატურის მიერ მიწოდებულ მასალებზე, როგორც ჩანს, სასამართლოს კითხვები არ გასჩენია და დაკავებულ პირებს 2- თვიანი პატიმრობა მიესაჯათ. თავად პროკურატურის კომპეტენცია ძალიან ბევრ კითხვას იწვევს. ჩვენ ბევრი საქმე, მათ შორის ე.წ. ტრაქტორების საქმე გვახსოვს. იმედს ვიტოვებ, რომ ამ პროკურატურის პირობებში საქმის ჯეროვნად გამოძიება შესაძლებელი იქნება. პროკურატურის მუშაობა ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. მთავარ პროკურატურაში უნდა მოხდეს კარდინალური ცვლილებები, მოვიდნენ პროფესიონალი კადრები, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, გამოძიების მიმართ ბევრი კითხვა გაჩნდეს“, – განაცხადა მაისაიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა. უწყების ინფორმაციით, მათ ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ. „თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.